ვლადიმერ კონსტანტინიდი - საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს შეეგუება საქართველოს ტერიტორიების ე.წ. აღიარების ლეგიტიმაციას
ვლადიმერ კონსტანტინიდი - საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს შეეგუება საქართველოს ტერიტორიების ე.წ. აღიარების ლეგიტიმაციას

სოჭში რაულ ხაჯიმბასა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის კიდევ ერთი დარღვევაა, ასევე არის საერთაშორისოდ აღიარებული სამართლებრივი პრინციპების სრულად უგულვებელყოფა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.

„ამ შეხვედრით რუსეთი ცდილობს, მოახდინოს ჩვენი ტერიტორიების ე.წ. აღიარების ლეგიტიმაცია და მეორე, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრული უგულვებელყოფით დააკანონოს კონტროლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მოგეხსენებათ, საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან თანმიმდევრულია ამ საკითხთან მიმართებით და არასოდეს შეეგუება ჩვენი განუყოფელი ტერიტორიების ე.წ. აღიარების პროცესს. ვფიქრობთ, არავის უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ იქ არსებული ვითარების ფონზე, როდესაც ადგილი აქვს ადამიანების გატაცებას, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას, მუდმივ დესტრუქციასა და პროვოკაციებს, ეს შეუმჩნეველი დარჩება საერთაშორისო თანამეგობრობისათვის და ამას არ მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

საგარეო უწყების პრესსპიკერმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა რუსეთს საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციები შეახსენა, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებას და მხარს უჭერს საქართველოს სამშვიდობო და არაღიარების პოლიტიკას.

კონსტანტინიდი მიიჩნევს, რომ ამის დასტური ბრიუსელის გუშინდელი შეხვედრები იყო. სპიკერი სოჭის შეხვედრაზე დასახელებულ ციფრებსაც გამოეხმაურა, რომელიც რუსეთსა და ოკუპირებულ რეგიონს შორის არსებულ სავაჭრო ურთიერთობებს ასახავს.

პირველი არხი დაინტერესდა, რა სავაჭრო ალტერნატივები აქვს საქართველოს და რა ეტაპზეა პროექტის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელება.

„ეს პროექტი ბევრ მიმართულებას მოიცავს. მრავალწახნაგიანობის გათვალისწინებით, ყველა მიმართულებაა მასში გათვალისწინებული. რასაკვირველია, ვიცით არსებული სიტუაცია, ობიექტურად რა პირობები უშლის ხელს ამ პროექტის განხორციელებას. რაც შეეხება ხაჯიმბა-პუტინის შეხვედრაზე გამოთქმულ მოსაზრებას, თითქოს სავაჭრო ბრუნვა მატულობს, იქ ციფრებს მიაქცევდით ყურადღებას, წინა წელს ეს იყო 5-პროცენტიანი ზრდა, წელს 10 თვეში კი არის ორპროცენტიანი ზრდა. ეს ლოგიკისგან შორსაა, ორი პროცენტი ნამდვილად არ შეიძლება ჩაითვალოს მატებად“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

სოჭში რუსეთის პრეზიდენტისა და აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის რაულ ხაჯიმბას შეხვედრა შედგა.