ვლადიმერ კონსტანტინიდი - რუსეთის ხელისუფლებისგან საქართველოს წარსულზე არაერთხელ მოგვისმენია კომენტარი, რომელიც ისტორიული ფაქტების სუბიექტურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს
ვლადიმერ კონსტანტინიდი - რუსეთის ხელისუფლებისგან საქართველოს წარსულზე არაერთხელ მოგვისმენია კომენტარი, რომელიც ისტორიული ფაქტების სუბიექტურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს

რუსეთის ხელისუფლებისგან არაერთხელ მოგვისმენია საქართველოს ისტორიულ წარსულთან დაკავშირებით ანალოგიური კომენტარი, რაც აშკარად არასწორ ფაქტებს ეყრდნობა და ისტორიული ფაქტების სუბიექტურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ განაცხადა.

მისი თქმით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია, რაც აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.

„რუსეთის ხელისუფლებისგან არაერთხელ მოგვისმენია საქართველოს ისტორიულ წარსულთან დაკავშირებით ანალოგიური კომენტარი, რაც აშკარად არასწორ ფაქტებს ეყრდნობა და ისტორიული ფაქტების სუბიექტურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს, არ ითვალისწინებს იმ ძირითად კონტექსტს, რომ საქართველოს ისტორია მე-18 და მე-19 საუკუნიდან არ იწყება. შესაბამისად, რაც უფრო დეტალურად შევალთ ისტორიაში, უფრო აშკარაა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია, რაც აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ“, – განაცხადა კონსტანტინიდიმ.

მისი თქმით, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ურთიერთობებისთვის, რაც ქართული მხარის პრიორიტეტული ამოცანაა, პოლიტიკოსებმა, სახელმწიფო პირებმა რეალური ნაბიჯები უნდა გადადგან  დეესკალაციისთვის და არა ისტორიულ წიაღსვლებში შევიდნენ, რაც კონსტანტინიდის შეფასებით, მკვლევარებისა და ისტორიკოსების საქმეა.

ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ „1918 წელს საქართველომ გერმანიის ჯარების დახმარებით მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია, 1919-1920 წლებში კი უფრო სასტიკად იქცეოდა ოსეთში – ეს იგივეა, რაც გენოციდი“.