ვლადიმერ კონსტანტინიდი - ევროკავშირის მისიის დამკვირვებლების უკანონო დაკავება ადგილზე მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს წარმოადგენს
ვლადიმერ კონსტანტინიდი - ევროკავშირის მისიის დამკვირვებლების უკანონო დაკავება ადგილზე მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს წარმოადგენს

ევროკავშირის მისიის დამკვირვებლების უკანონო დაკავება ადგილზე მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის მიერ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დამკვირვებლების დაკავებასთან დაკავშირებით.

ვლადიმერ კონსტანტინიდის შეფასებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ განთავსდა, უმნიშვნელოვანეს ამოცანას ემსახურება – 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების მონიტორინგსა და ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობას.

„შესაბამისად, მიუღებელია მისიის საქმიანობისთვის ხელის შეშლა, რამდენადაც ის წარმოადგენს მონიტორინგის ერთადერთ საერთაშორისო და ქმედით მექანიზმს და იძლევა ობიექტურ ინფორმაციას საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე. მომხდარი ფაქტი განიხილება დღეს დაგეგმილ საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიულ შეხვედრაზე, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, დღის წესრიგშია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ამასთან, მისი თქმით, აღნიშნულ საკითხს ქართული მხარე მკაცრად დასვამს დღეს ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მორიგ შეხვედრაზე.

ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პატრული ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირებისას, დე ფაქტო რეჟიმის უსაფრთხოების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა დააკავეს.

ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შეუიარაღებელი დამკვირვებლები ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების წარმომადგენლებმა დააკავეს. „24 ოქტომბრის, შუა დღეს, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პატრული ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირებისას სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა მცირე ხნით დააკავეს. ამ მოვლენების შემდეგ მალევე ცხინვალისგან ცხელი ხაზი გააქტიურდა. მისია ამ დროისთვის ჯერ კიდევ სწავლობს ინციდენტის დეტალებს, რომელიც განვითარდა ტერიტორიაზე, რომელიც მიიჩნევა თბილისის მიერ ადმინისტრირებად ტერიტორიად, ადმინისტრაციული საზღვრის ტრადიციული ინტერპრეტაციის შესაბამისად“, – აღნიშნულია განცხადებაში.