ვლადიმერ კონსტანტინიდი - ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა ჩვენი მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილი დროულად და უვნებლად დაუბრუნდეს ოჯახს
ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა ჩვენი მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილი დროულად და უვნებლად დაუბრუნდეს ოჯახს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა თემის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავება წარმოადგენს რუსეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებას.
„აღნიშნული ფაქტი ხაზს უსვამს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის მხრივ არსებულ საგანგაშო მდგომარეობას. შეშფოთებული ვართ ბოლო დროს საოკუპაციო რეჟიმის გახშირებული პროვოკაციული ქმედებების გამო, მსგავსი ნაბიჯებით რუსეთი ცდილობს ვითარების დესტაბილიზაციას და ჰუმანიტარული თემების პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენებას“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
კონსტანტინიდის თქმით, ქართული მხარე იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ ინსტრუმენტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პროცესების შეწყვეტისთვის და ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.
„ჩვენ უკვე მოვახდინეთ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება და ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა ჩვენი მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილი დროულად და უვნებლად დაუბრუნდეს ოჯახს. ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავებასთან დაკავშირებით ამოქმედდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ესაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს.
ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება, ისევე, როგორც ადამიანის უფლებების სხვა მწვავე დარღვევები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მკაფიოდ დააყენა 14 ნოემბერს კონფლიქტთან დაკავშირებით ევროსაბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვის დროს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ასევე ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. აღნიშნული საკითხი განხილვის მნიშვნელოვანი თემა იქნება მომავალ კვირას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან მომავალი რაუნდის მომზადებისას“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს, რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.