ვლადიმერ კონსტანტინიდი - „ამნესტი ინტერნეიშენალის“ ანგარიში საკმაოდ სიღრმისეულია, მნიშვნელოვანია რეკომენდაციები, რომლებსაც აღნიშნული ორგანიზაცია გასცემს
ვლადიმერ კონსტანტინიდი - „ამნესტი ინტერნეიშენალის“ ანგარიში საკმაოდ სიღრმისეულია, მნიშვნელოვანია რეკომენდაციები, რომლებსაც აღნიშნული ორგანიზაცია გასცემს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების მიმართულებით მუშაობა და საბოლოო ამოცანა ქვეყნის დეოკუპაციაა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ „ამნესტი ინტერნეიშენალის“ ანგარიშთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის საკმაოდ სიღრმისეული ანგარიში, რომელშიც ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობითაა შეფასებები და საუბარია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ მძიმე ვითარებაზე, ასევე ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტებზე.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების მიმართულებით მუშაობა და საბოლოო ამოცანა ქვეყნის დეოკუპაციაა. ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გვაქვს გადადგმული და მუდმივად ვმუშაობთ ყველა დონეზე. ამ საკითხებს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში ყოველთვის ვაყენებთ. ნიშანდობლივია ისიც, რომ დღეს მიმდინარეობს და სწორედ ამ წუთებში იწყება მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უწყებები მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია თანამშრომლობა და აქტიურობა ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის, როგორიც „ამნესტი ინტერნეიშენალია“, – განაცხადა კონსტანტინიდიმ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე ეფექტური წვდომა შეზღუდულია, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი დოკუმენტების გამოქვეყნება და რეკომენდაციები, რომლებსაც აღნიშნული ორგანიზაცია გასცემს.

„ანალოგიური განხილვა მოსკოვშიც მიმდინარეობს. ამ განხილვის შედეგებს დაველოდებით. მოლოდინები, რომ რუსული მხარე ან დე-ფაქტო მთავრობები ზედმიწევნით შეასრულებენ რეკომენდაციებს, რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ დაველოდოთ, რა რეაქცია ექნება რუსულ მხარეს და რა განმარტებებს გააკეთებენ მნიშვნელოვან დოკუმენტზე“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

საერთაშორისო უფლებადაცვითმა ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ თბილისსა და მოსკოვში წარადგინა ანგარიში – მავთულხლართებს მიღმა – „ბორდერიზაციით“ გამოწვეული ადამიანის უფლებათა დარღვევები საქართველოში. როგორც „ამნესტი ინტერნეიშენალის“ სამხრეთ კავკასიის წარმომადგენელმა, ლევან ასათიანმა განაცხადა, ანგარიში ააშკარავებს რუსეთის ძალების მიერ განხორციელებული „ბორდერიზაციის“ გამანადგურებელ შედეგებს ადგილობრივ მოსახლეობასა და ადამიანის უფლებებზე.