„ამნესტი ინტერნეიშენალმა“ თბილისსა და მოსკოვში ერთდროულად წარადგინა ანგარიში „ბორდერიზაციით“ გამოწვეული ადამიანის უფლებათა დარღვევები საქართველოში
„ამნესტი ინტერნეიშენალმა“ თბილისსა და მოსკოვში ერთდროულად წარადგინა ანგარიში „ბორდერიზაციით“ გამოწვეული ადამიანის უფლებათა დარღვევები საქართველოში

საერთაშორისო უფლებადაცვითმა ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ თბილისსა და მოსკოვში წარადგინა ანგარიში – მავთულხლართებს მიღმა – „ბორდერიზაციით“ გამოწვეული ადამიანის უფლებათა დარღვევები საქართველოში. თბილისში ანგარიში ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა, მარი სტრუზერსმა და სამხრეთ კავკასიის წარმომადგენელმა ლევან ასათიანმა წარადგინეს. მრგვალ მაგიდაში მონაწილეობა მიირეს საქართველოს სახალხო დამცველმა და სახელისუფლებო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა.

როგორც „ამნესტი ინტერნეიშენალის“ სამხრეთ კავკასიის წარმომადგენელმა ლევან ასათიანმა განაცხადა, ანგარიში ააშკარავებს რუსეთის ძალების მიერ განხორციელებული „ბორდერიზაციის“ გამანადგურებელ შედეგებს ადგილობრივ მოსახლეობასა და ადამიანის უფლებებზე.

„კონკრეტულად, ეს ანგარიში იმ ადამიანებს ეხება, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გამყოფ ხაზთან ახლოს, ორივე მხარეს ცხოვრობენ. ანგარიში 60-გვერდიანია. ანგარიშში წარმოდგენილია ისტორიები და დოკუმენტირებული ამბები, რომლებიც გადაადგილების უფლების შეზღუდვაზე მოგვითხრობენ, უკანონო დაკავებებზე, არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, ადამიანების მიერ საარსებო წყაროების დაკარგვაზე, სახნავ-სათესი მიწებისა და საძოვრების რუსი ჯარისკაცების მიერ წაღებაზე. ასევე, საუბარია ოჯახური ცხოვრების უფლების შეზღუდვაზე და რელიგიის თავისუფლების შეზღუდვაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ასობით ადამიანს წვდომა არ აქვს ტრადიციულ ქართულ ეკლესიებზე და ამ სოფლებში საგვარეულო სასაფლაოებზე.

ანგარიშის პრეზენტაცია დღეს თბილისსა და მოსკოვში ერთდროულად იმართება, როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში დაინტერესებულ მხარეებს ჰქონდათ საშუალება, რომ „ამნესტი ინტერნეიშენალს“​ ამ კვლევის განმავლობაში მიგნებული ფაქტები გაეზიარებინა“, – აცხადებს ლევან ასათიანი.

მისი თქმით, რეკომენდაციებია შემუშავებული უმეტესწილად რუსეთის მიმართ, როგორ საოკუპაციო რეჟიმის მიმართ, რომელსაც საერთაშირისო სამართალში გარკვეული მოვალეობები აქვს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიის მიმართ.

„უპირველესი რეკომენდაცია არის გადაადგილების თავისუფლების რეჟიმის შემსუბუქება, რომ სამოქალაქო პირებმა, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ ცხოვრების ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელება მოახერხონ და არ ეშინოდეთ უკანონო დაკავებების.

რეკომენდაცია ასევე ეძლევა დე ფაქტო მთავრობებს, რაც გულისხმობს იმას, რომ მათ ყველა ადამიანის უფლება განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა ამ ტერიტორიებზე უნდა დაიცვან, რომ უსაფრთხოება გარანტირებული იყოს.

ასევე, რეკომენდაციები გაცემულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ. ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობას მოვუწოდებთ, რომ ამ რეგიონებში ის მწვავე ჰუმანიტარული სიტუაცია, როგორც შემდგარი ფაქტი, არ მიიღოს. ეცადოს, რომ ეს სამწუხარო რეალობა გამოსწორდეს. ყოველთვის, როდესაც მათ რუსეთის ხელისუფლებასთან შეხვედრები ექნებათ, მოუწოდონ, რომ შეასრულონ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი“, – განაცხადა ლევან ასათიანმა.

მისივე თქმით, რეკომენდაციები გაიცა ქართული მხარისთვისაც იმ ასპექტში, რომ მეტი დახმარება გამოყოს იმ ადამიანების მიმართ, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებები და სხვა უფლებები „ბორდერიზაციის“ შედეგად გაუარესდა.

„კვლევა მოიცავს 2009 წლიდან პერიოდს, როდესაც „ბორდერიზაციის“ ნიშნები დაიწყო. ფაქტობრივად, ბოლო 10 წელია შესული, ის პერიოდი, როდესაც უკვე აქტიური სამხედრო მოქმედებები მორჩა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ სიტუაცია რაიმე მხრივ გაუმჯობესდა. ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, სერიოზული პრობლემები და დარღვევებია“, – განაცხადა ლევან ასათიანმა.