სუს-ი - 2025 წელს საქართველო და მთლიანად სამხრეთ კავკასია რჩებოდა ერთმანეთთან დაპირისპირებული მსხვილი აქტორების კონკურენციის ერთ-ერთ საკვანძო არეალად
სუს-ი - 2025 წელს საქართველო და მთლიანად სამხრეთ კავკასია რჩებოდა ერთმანეთთან დაპირისპირებული მსხვილი აქტორების კონკურენციის ერთ-ერთ საკვანძო არეალად

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 2025 წელს საქართველო და მთლიანად სამხრეთ კავკასია რჩებოდა ერთმანეთთან დაპირისპირებული მსხვილი აქტორების კონკურენციის ერთ-ერთ საკვანძო არეალად.

სუს-ი პარლამენტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ რეგიონის უსაფრთხოების გარემოზე კვლავ მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენდა რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული კონფლიქტი და ახლო აღმოსავლეთში განვითარებული პროცესები.

უწყების განცხადებით, გასული წლების მსგავსად, საანგარიშო პერიოდში, ქვეყანაში ცალკეული საგარეო და შიდა აქტორების მხრიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეების დონე კვლავ მაღალ ნიშნულზე იყო შენარჩუნებული.

„ე.წ. რბილი ძალის, ფარული ოპერაციებისა და საინფორმაციო ომის ინსტრუმენტების გამოყენებით ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წარმოებდა სხვადასხვა სახის აქტიური ღონისძიებები, მათ შორის ადგილი ჰქონდა საქართველოში პოლიტიკური გარემოს დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილების მცდელობას“, – ნათქვამია ანგარიშში.

უწყების ცნობით, ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით ცალკეული უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურები ახორციელებდნენ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ სხვადასხვა სახის სადაზვერვო/ოპერატიულ ღონისძიებებს.

„გამოვლენილი იყვნენ უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობაში ჩართული პირები, რომლებიც საქართველოში ატარებდნენ ოპერატიულ და აგენტურულ შეხვედრებს, კავშირს ამყარებდნენ მათი დაინტერესების ობიექტებთან და ორგანიზაციებთან. ოპერატიული საქმიანობის შედეგად დადგინდა იმ პირთა წრე, რომელთა მეშვეობით უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურები და მათთან შესაძლო კავშირში მყოფი პირები ცდილობდნენ სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებას“, – ნათქვამია ანგარიშში.