ვლადიმერ კონსტანტინიდი აცხადებს, რომ ლიბიაში ქართველი მეზღვაურების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება
ვლადიმერ კონსტანტინიდი აცხადებს, რომ ლიბიაში ქართველი მეზღვაურების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი აცხადებს, რომ ლიბიაში მყოფი ქართველი მეზღვაურების, რაულ ტაკიძისა და მანუჩარ კეკელიძის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

„მეზღვაურები ძირითადი პირობებით უზრუნველყოფილი არიან. ცხოვრობენ სასტუმროში და იღებენ ანაზღაურებას, ჰყავთ ადვოკატი. გემზე ლიბიაში გარდაცვლილი დავით რაზმაძის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და იკითხებიან მოწმეები. გამოძიება თვლის, რომ მათი ყოფნა ადგილზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა მათგან ინფორმაცია მიიღონ“, – განაცხადა კონსტანტინიდმა.

მისივე ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრებს ადგილზე იცავენ თურქი და ლიბიელი ადვოკატები და საგარეო უწყება მათთან მუდმივ კომუნიკაციაშია.

როგორც შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთი ქართველი მეზღვაურის მამამ, ფრიდონ ტაკიძემ განაცხადა, ხელისუფლება დახმარებას დაჰპირდა.

„ვლადიმერ კონსტანტინიდმა გვითხრა, რომ ქართველი მეზღვაურების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება. პროდუქტიული შეხვედრა იყო. ჩემი მოთხოვნა იყო, დაჩქარდეს გამოძიება და დაგვპირდნენ მათ უსაფრთხოებას, ყოველდღიურ კომუნიკაციას. ჩემს შვილსა და მის მეგობრებს არ ჰქონდათ პრობლემა, რომ მშივრები ყოფილიყვნენ, ყველაფერი ჰქონდათ,  ჩვენი მთავრობისა და ქვეყნის დახმარება. ისინი დახმარებას გაგვიწევენ“, – განაცხადა ფრიდონ ტაკიძემ.

მეზღვაურების ახლობლებმა დღეს ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ გემზე ლიბიაში გარდაცვლილი დავით რაზმაძის საქმეზე საგამოძიებო პროცესის გაჭიანურების გამო, ორი თვეა, რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე ქვეყნის დატოვებას ვერ ახერხებენ.

გამოძიება ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარეობს. იგი მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემზე (MV Dogan Bey) მუშაობდა. ამავე გემზე მუშაობდნენ რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე. გემი ლიბიის ნავსადგურ მისრატაში იმყოფებოდა, როცა ქართველი მეზღვაური გემბანიდან ღამით, მორიგეობის დროს გაუჩინარდა. ფაქტი 7 იანვარს მოხდა. სამძებრო სამუშაოების შედეგად, მეზღვაურის ცხედარი 21 იანვარს იპოვეს. გარდაცვლილი დავით რაზმაძე საქართველოში 5 მარტს ჩამოასვენეს.