რუსეთის ქმედებები ხელს უშლის სამშვიდობო პროცესში ჩვენს ძალისხმევას კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით, – ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ვლადიმერ კონსტანტინიდი უკანონოდ დაკავებული მაია ოთინაშვილის საქმეს.
მისი თქმით, საქართველოს ყველა უწყება მუშაობს მაია ოთინაშვილის დროულად გათავისუფლებისთვის.
“ფაქტი იწვევს შეშფოთებას ჩვენი მხრიდან. საიდუმლო არ არის, რომ ეს მუდმივი უკანონო დაკავებები ხორციელდება რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურის მიერ, მათი ორგანიზებით და მსგავსი ნაბიჯებით რუსეთის ფედერაცია ცდილობს, რომ ადგილზე მოახდინოს მდგომარეობის ესკალაცია, რაც ხელს უშლის სამშვიდობო პროცესში ჩვენს ძალისხმევას კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით. ფაქტზე ინფორმირებულია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები, რომლებსაც დეტალური ინფორმაცია მიეწოდებათ განახლებულ რეჟიმში. ასევე, მუშაობას განაგრძობს საქართველოს შესაბამისი უწყებები”, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები 37 წლის ქალი 29 სექტემბერს დააკავეს.