ვლადიმერ გუცაევი - სავარჯიშო ბაზა ბევრი ქართული გუნდის პრობლემაა #1TVSPORT
ვლადიმერ გუცაევი - სავარჯიშო ბაზა ბევრი ქართული გუნდის პრობლემაა #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ გენერალურმა დირექტორმა ასლან ბალაძემ „საფეხბურთო ტაიმაუტში“  გუნდის განვითარების გლობალურ გეგმებზე ისაუბრა.

„გუნდი რომ განვითარდეს, მას უნდა ჰქონდეს სავარჯიშო პირობები. ჩვენთან ბაზის მშენებლობა მიდის და 2 ბუნებრივსაფარიანი და 2 ხელოვნური მოედანი გვექნება. არადა, ბოლო ორი წელი გუნდი თბილისში ემზადებოდა და ეს პრობლემას ქმნიდა. ბათუმი წვიმიანი ქალაქია და გუნდს ადგილზე მომზადება უჭირს. ამიტომ საჭიროა ინფრასტრუქტურა. მაგრამ ხელმძღვანელობა საამისოდ ბევრს მუშაობს და მალე გუნდს კარგი მოსამზადებელი ბაზა და საჭირო სავარჯიშო პირობები ექნება“, – განაცხადა ასლან ბალაძემ „საფეხბურთო ტაიმაუტში“.

ამ თემის შესახებ ისაუბრა „საფეხბურთო ტაიმაუტისთანაწამყვანმა ვლადიმერ გუცაევმა.

„კარგია, რომ ახსენე, რადგან ვიცი, რომ თქვენ სათანადო სავარჯიშო ბაზა არ გაქვთ. ეს ბევრი ქართული გუნდის ავადმყოფობაა. „დინამო თბილისის“ გარდა – და მე მგონია, რომ ორი სავარჯიშო მოედანი მაგასაც არ ყოფნის, თითქმის ყველა დანარჩენს ბაზის პრობლემა აქვს, აკადემიებზე რომ არაფერი ვთქვათ. არადა, ეს პირველი საკითხია, რაც გუნდს მოგვარებული უნდა ჰქონდეს. ამინდის პრობლემა ახსენეთ და ასეთ დროს გუნდი ერთიდან მეორე მოედანზე უნდა გადადიოდეს. ამიტომ კარგია, რომ ეს პრობლემა გვარდება“.

ასლან ბალაძე: „14 წელი საკუთარი სტადიონი არ გვქონდა და ძალიან რთულ პირობებში ვვარჯიშობდით. წლები დავდიოდით ქობულეთში და ამიტომ დავიწყეთ ანგისას ბაზის მშენებლობა. რომ არა პანდემია, მშენებლობა უკვე დასრულებული იქნებოდა და საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ბაზა გვექნებოდა. მშენებლობა მალე დასრულდება და ბათუმის „დინამო“ ამ კუთხით საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება“.