ვლადიმერ გუცაევი - პრობლემაა, რომ სავარჯიშო მოედანი ბევრ რაიონში არ გააჩნიათ #1TVSPORT
ვლადიმერ გუცაევი - პრობლემაა, რომ სავარჯიშო მოედანი ბევრ რაიონში არ გააჩნიათ #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ვლადიმერ გუცაევმა დავით ყიფიანი გაიხსენა, რომელიც 18 ივნისს იუბილარი იყო. თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, გადაცემის თანაწამყვანმა მნიშვნელოვან საფეხბურთო საკითხებზე ისაუბრა.

„აუცილებლად მსურს ვისაუბრო დათო ყიფიანზე, რომლის დაბადების დღეცაა – მასზე ლაპარაკი არ მომბეზრდება. არ მინახავს ადამიანი, რომელიც აღტაცებული არ ყოფილიყოს მისი ფეხბურთით, მოქცევით და პიროვნებით. „დინამოში“ ყველასთან კარგად ვიყავი, მაგრამ დათოსთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაკავშირებდა – „დინამოში“ თითქმის ერთ დროს მივედით, შეკრებაზე და გასვლით თამაშებზე ერთ ოთახში შევდიოდით. ეს დღე მინდა მის ოჯახს მივულოცო. სამწუხაროა, რომ საქართველოს ასე ნაადრევად გამოაკლდა.

ინფრასტრუქტურას შევეხები – ჩვენი გადაცემა რაიონებს სტუმრობს და თელავში ვიყავით, სადაც გუნდს 9 ჰექტარი მიწა აქვს, მაგრამ სავარჯიშო მოედანი არ გააჩნიათ და სარაგბო მოედანზე ვარჯიშობენ და თამაშობენ. შეპირდნენ სტადიონის აშენებას და მგონი რაღაცას გააკეთებენ.

ანალოგიური პრობლემაა წყალტუბოში, ამის გამო „სამგურალი“ ყოველდღე ზესტაფონში ვარჯიშობს. ამბობენ, რომ ერთ წელიწადში ეს პრობლემა მოგვარდება. მაგრამ ანალოგიური რამ ხდება თითქმის ყველა რაიონში. ჩვენ გვგონია, რაიონში ერთი მოედნის გაკეთება გვყოფნის. ამ დროს, მოთამაშე ვარჯიშის რიგში არ უნდა იდგეს.

პლეი ოფში უკრაინის წაგებაზეც მინდა ვთქვა. ბოლო დროს უეფა-ს ბევრი გადაწყვეტილება არ მესმის – როგორ შეიძლება რომ შეხვედრა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად გადამწყვეტია, გუნდს გასვლაზე კონკურენტთან ათამაშო. უეფა-ს ბევრი ხარვეზი აქვს“, – განაცხადა ვლადიმერ გუცაევმა.