ვიტალი საფაროვის ახლობლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია გამართეს
2018 წლის შემოდგომაზე მოკლული ვიტალი საფაროვის ახლობლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია გამართეს. სოლიდარობის აქცია მოკლული ახალგაზრდას ოჯახის მხარდასაჭერად გაიმართა. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ საზოგადოება წინ უნდა აღუდგეს რასიზმსა და ქსენოფობიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ორი პირის სასამართლო პროცესი იწყება.
25 წლის უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი 2018 წლის 30 სექტემბერს მოკლეს. ის არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩართულობისა და განვითარების ცენტრში“ მუშაობდა.
„ჩართულობისა და განვითარების ცენტრისა“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ამ დროისთვის დაკავებული ორივე პირი ე.წ. ნეონაცისტური დაჯგუფების წევრია, ხოლო მკვლელობის თვითმხილველები ამბობენ, რომ კონფლიქტის დროს საუბარი სამშობლოსა და ქართველობას ეხებოდა. ორგანიზაციების განცხადებით, ვიტალი საფაროვის წინააღმდეგ ძალადობა სავარაუდოდ ქსენოფობიურ ნიადაგზე განხორციელდა.
საქმეზე ორი პირია დაკავებული. მათ ბრალად ეხებათ სიძულვილის მოტივით ჯგუფურად განზრახ მკვლელობა. თავდაპირველად მხოლოდ ერთ პირს ჰქონდა წარდგენილი განზრახ მკვლელობის მუხლი, მოგვიანებით კი ბრალი გადაკვალიფიცირდა.