რუსულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის სპორტის ყოფილმა მინისტრმა, ვიტალი მუტკომ ნახევარი წლით შეაჩერა თავისი მოღვაწეობა რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტის პოსტზე. ამ პერიოდში მის მოვალეობებს კავშირის გენერალური დირექტორი ალექსანდრ ალაევი შეასრულებს.
ჟურნალისტები აზუსტებენ, რომ მუტკოს მუშაობაში პაუზა არანაირ ცვლილებებს არ გამოიწვევს მმართველობაში. ყოფილი მინისტრი თვალს მიადევნებს რუსულ ფეხბურთს მთავრობის ვიცე-პრემიერისა და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის რანგში.
მუტკოს ამ გადაწყვეტილებას გრანდიოზულ დოპინგსკანდალს უკავშირებენ, რომელსაც რუსულ სპორტში ჰქონდა ადგილი და რომლის გამოც, რუსეთის ოლიმპიურ გუნდს 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მოპოვებული 13 მედალი ჩამოართვეს და ეს ნაკრები 2018 წლის ოლიმპიადაზე საკუთარი დროშის ქვეშ ვერ გამოვა.
როგორც გაზეთი „კომერსანტი“ წერს, მუტკო აღნიშნული დოპინგსისტემის ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო და ფიფა-ს არ სურს ამ ჩინოვნიკთან მუშაობა.
ვიტალი მუტკო რუსეთის საფეხბურთო კავშირს 2015 წლიდან ხელმძღვანელობს.