რუს ოლიმპიურ ჩემპიონს დოპინგი ოფიციალურად დაუმტკიცდა
რუს ოლიმპიურ ჩემპიონს დოპინგი ოფიციალურად დაუმტკიცდა

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ დამნაშავედ სცნო რუსი ბობსლეისტი ალექსეი ვოევოდა სოჭში 2014 წლის ოლიმპიადის დროს დოპინგ-სინჯების მანიპულირებაში. ამის შესახებ რუსული სააგენტოები იტყობინებიან.

სასამართლომ დაადგინა, რომ სპორტსმენი პირდაპირ მონაწილეობას იღებდა შარდის ანალიზის გაყალბებაში – ამაზე მიუთითებს ექსპერტთა და მოწმეთა ჩვენებები, აგრეთვე, ქილაზე ნაკაწრები. თავად დოპინგ-სინჯში დაფიქსირებული იყო მარილის უჩვეულოდ მაღალი დონე. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა ვერ ახსნა – რატომ იყო მისი მაჩვენებელი ფიზიოლოგიური დონისგან ასე გადახრილი.

ასე რომ, ვოევოდასა და მის მეწყვილეს ალექსანდრ ზუბკოვს ოფიციალურად და საბოლოოდ ჩამოერთვათ 2014 წლის ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქროს მედლები.