„ვიტ ჯორჯიამ“ ბოლო წუთებზე გაიმარჯვა, ხობის „კოლხეთი“ მეორე ადგილზე დაწინაურდა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის მე-13 ტურის შეხვედრებში შედეგიანობის რეკორდი დამყარდა. ოთხ შეხვედრაში გუნდებმა 22 გოლი გაიტანეს, რაც საშუალოდ 5.5 გოლია თამაშში.
„ლოკომოტივი“ – „სპაერი“ 1:3
თბილისის „ლოკომოტივმა“ თამაში ახალი მთავარი მწვრთნელის, რეზო გოცირიძის ხელმძღვანელობით გამართა. „სპაერი“ კობა ქებურიას (3, 15) დუბლით დაწინაურდა. „ლოკომოტივის“ ნახევარმცველმა, ლუკა კეკელიძემ (33) სხვაობა შეამცირა, მაგრამ სტუმართა უპირატესობა ორ ბურთამდე დავით ნაჭყებიამ (37) გაზარდა და „სპაერმა“ სამეულში ადგილი შეინარჩუნა.
„მერანი თბილისი“ – „კოლხეთი ხობი“ 0:5
ეროვნულ ლიგა 2-ში წელს გადასულმა ხობის „კოლხეთმა“ დამაჯერებლად მოიგო. ლევან ნოდიას გუნდი თბილისის „მერანთან“ პირველ ტაიმში გიგა ამბროლაძისა (5) და ოთარ ტორაძის (22) გოლებით დაწინაურდა. მეორე ნახევარში ხობელებმა კიდევ სამი გოლი გაიტანეს, თავი გურამ სამუშიამ (69), გიორგი მირზოევმა (71) და ალექსანდრე სულაძემ (76) გამოიჩინეს. ამ გამარჯვებით „კოლხეთი“ მეორე ადგილზე დაწინაურდა.
„ვიტ ჯორჯია“ – „დინამო თბილისი 2“ 4:3
ეს დღის ყველაზე დაძაბული და სანახაობრივი მატჩი იყო. „დინამო 2“ თორნიკე მორჩილაძის (29 – პენალტი, 76) და ლაშა ოდიშარიას (45) გოლებით სამჯერ დაწინაურდა, მაგრამ „ვიტ ჯორჯიამ“ წონასწორობა სამჯერვე აღადგინა – მასპინძელთა მხრიდან თავი დუბლით ბექა გუგბერიძემ (43, 72) და საბა ჯინჭარაძემ (82) გამოიჩინეს. 90+5-ე წუთზე კი „ვიტ ჯორჯიამ“ ლუკა ლაცაბიძის ავტოგოლით გამარჯვება მოიპოვა.
„გარეჯი“ – „მერანი მარტვილი“ 5:1
საგარეჯოს „გარეჯმა“ თამაში შესანიშნავად დაიწყო და პირველივე ტაიმში 5:0 დაწინაურდა. ლევან პაპავამ (22, 26) დუბლთან ერთად ორი საგოლე გადაცემა ჩაიწერა, ფელიპე პაიმმაც (15, 38) დუბლი შეასრულა, ერთი გოლი გიორგი ხარებაშვილმა გაიტანა. მეორე ნახევარში „მერანმა“ დავით ლომთაძის გოლით (72) მხოლოდ ანგარიშის შემცირება მოახერხა. „გარეჯი“ 32 ქულით ერთპიროვნული ლიდერია და ხობის „კოლხეთსა“ (23) და „სპაერს“ (23) ცხრა ქულით ასწრებს.
მეორე და მესამე ადგილზე დაწინაურების შანსი ფოთის „კოლხეთსა“ (22) და ბოლნისის „სიონს“ (22) აქვთ, რომლებიც დღეს ერთმანეთს ფოთის „ფაზისი არენაზე“ დაუპირისპირდებიან.