ვიქტორ სანიკიძე - სამუშაო დასასრულს უახლოვდება, უმაღლესი დონის ახალი საკალათბურთო დარბაზი გვექნება #1TVSPORT
ვიქტორ სანიკიძე - სამუშაო დასასრულს უახლოვდება, უმაღლესი დონის ახალი საკალათბურთო დარბაზი გვექნება #1TVSPORT

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ კომენტარი გააკეთეს თბილისში ჩამოსული ფიბა-ს 15-კაციანი დელეგაციის ვიზიტზე, რომელსაც ფიბა-ევროპის აღმასრულებელი დირექტორი, კამილ ნოვაკი ხელმძღვანელობს. ისინი დარბაზის მშენებლობის შესაფასებლად ჩამოვიდნენ.

ნოვაკის აზრით, საქართველომ 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის სამასპინძლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და პროგრესი სახეზეა.

„შეფასება ძალიან კარგია. ფიბა-ს დელეგაცია ნანახით კმაყოფილი დარჩა, რადგან წინა ვიზიტის შემდეგ პროგრესი აშკარაა. ფაქტობრივად, ყველა სამუშაო დასასრულისკენაა მისული და დარბაზი მზად ივნისის ბოლოს იქნება. მერე კი იქნება სატესტო მატჩი ესპანეთთან და დარწმუნებული ვარ, უმაღლესი დონის ახალი საკალათბურთო დარბაზი გვექნება“, – განაცხადა სანიკიძემ.

სოსო გიორგაძე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე:

„ერთი წლის წინ სამინისტრომ ამ პროექტის სახით, რბილად რომ ვთქვათ, რთული ვალდებულება აიღო. ვითარება მასშტაბური ხანძრის გამო გართულდა, მაგრამ ახლა ეს არენა ჩვენი სიამაყეა. თქვენც ნახეთ, რომ მშენებლობა, ფაქტობრივად, დასრულების ეტაპზეა“.

დარბაზში, ფაქტობრივად, დასრულდა პარკეტის დაგება, დამონტაჟდა ტაბლოების ნაწილი, ხოლო ინდივიდუალური სკამები, ფაქტობრივად, დაგებულია. ახალ საკალათბურთო დარბაზში სატესტო მატჩი 4 ივლისს გაიმართება – საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში ესპანეთს უმასპინძლებს.