ვიქტორ სანიკიძე აცხადებს, რომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელის გუშინდელ ჟესტიკულაციას ფიბა-ს სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს #1TVSPORT
ვიქტორ სანიკიძე აცხადებს, რომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელის გუშინდელ ჟესტიკულაციას ფიბა-ს სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს #1TVSPORT

ის, რაც ბაგაცკისიმ უშუალოდ მატჩის შემდეგ ამ ჟესტიკულაციის გამოყენებით იკადრა, ყველანაირ ნორმებს სცდება, – ამის შესახებ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“, გუშინ საქართველო-უკრაინის საკალათბურთო მატჩის დროს მომხდარი ფაქტის შეფასებისას განაცხადა.

„უკრაინის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ცალსახად ცუდი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ტაიმაუტი აიღო. კალათბურთში არსებობს დაწერილი და დაუწერელი წესები, რომელსაც ყველა პატივს ვცემთ და ვიცავთ. მან თავისი საქციელის ახსნა სცადა იმით, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში შეიძლება, ისე დალაგდეს სიტუაცია, რომ გარკვეულ გუნდებს ერთნაირი ქულები ჰქონდეთ და ამის მიხედვით შეიძლება, ზეგავლენა იქონიოს ამ მატჩში გარკვეული ქულების სხვაობით გამარჯვებამ, თუ მარცხმა და ა.შ, რაც არის ძალიან ისეთი გათვლა, რომელიც შეუძლებელია, ამ ეტაპზე რაღაც წინაპირობად ჩაითვალოს. აქედან გამომდინარე, ეს იყო გაუმართლებელი ტაიმაუტი. გარდა ამისა, რაც ძალიან გულდასაწყვეტია, ის დაახლოებით, ორი წლის მანძილზე მოღვაწეობდა ჩვენს ქვეყანაში. ვფიქრობდით, ჩვენ შორის მეგობრული ურთიერთობაც იყო ჩამოყალიბებული და ის, რაც მან უშუალოდ მატჩის შემდეგ ამ ჟესტიკულაციის გამოყენებით იკადრა, ყველანაირ ნორმებს სცდება“, – განაცხადა სანიკიძემ.

მისი თქმით, აინარს ბაგაცკისის ჟესტიკულაცია უღირსი საქციელი იყო, ასევე პრესკონფერენციაზე მის მიერ გაკეთებული განცხადება იყო შეურაცხმყოფელი და აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად აზრს კარგავს იმაზე საუბარი, მას სამომავლოდ, შემდეგ ეტაპზე ეს ქულები აწყობდა, თუ არა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, როგორ ახსნა უკრაინულმა მხარემ ბაგაცკისის ამგვარი დამოკიდებულება, რომელიც მოედნიდან საკონფერენციო დარბაზშიც კი გაგრძელდა, ვიქტორ სანიკიძემ განაცხადა, რომ მას გულწრფელად სჯერა უკრაინის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ნათქვამის, რაც მასთან საუბარში აღნიშნა.

„ის თვითონაც უხერხულ მდგომარეობაში იყო და თქვა, ვციტირებ მის ნათქვამს – რას გაუგებ მწვრთნელებს, ზოგჯერ ისეთ გადაწყვეტილებას იღებენ, ჩვენც კი გვიკვირსო და მოგვიბოდიშა ამით. რა თქმა უნდა, მწვრთნელის საქციელი ვერ და არ იქნება იმის საფუძველი, რომ ერთი გაუაზრებელი მწვრთნელის რაღაც გადაწყვეტილება იყოს მოთამაშეებს შორის ურთიერთობების გაფუჭების საბაბი“, – განაცხადა სანიკიძემ.

მაკა ცინცაძის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, ქართველი კალათბურთელების მიმართ აინარს ბაგაცკისის ეს დამოკიდებულება ძველ პერიოდს უკავშირდებოდეს, როდესაც ის საქართველოში ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელი იყო, რადგან სოციალურ ქსელში ამ პერიოდთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია გაჩნდა, რომ მისი ქმედება სათავეს გასული პერიოდიდან იღებს, სანიკიძემ განაცხადა, რომ როდესაც აინარს ბაგაცკისი საქართველოში მოღვაწეობდა, მის მიმართ კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია, მის მიმართ ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა არსებობდა და მისი მხრიდან ასეთი უღირსი საქციელი სრულიად გაუგებარია.

კითხვაზე, მიმართავს თუ არა საკითხის განსახილველად ფიბა-ს სადისციპლინო კომიტეტს, სანიკიძემ აღნიშნა, რომ რა თქმა უნდა, მიმართავს საერთაშორისო ფედერაციას ამ ჟესტიკულაციის საფუძველზე, რომ სადისციპლინო კომიტეტმა განიხილოს.

„მჯერა, სადისციპლინო კომიტეტი მიიღებს სწორ და ადეკვატურ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ვიქტორ სანიკიძემ.

დატოვე კომენტარი