ვიქტორ ორბანი – უნგრეთში კვლავ ავტოკრატიის ეპოქა დადგა, დღეიდან ჩვენი მისიაა დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს აღდგენა, ჩვენ დავაფიქსირებთ „ტისას“ მთავრობის კანონდარღვევებს
უნგრეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მხარდამჭერებს „უნგრეთში დემოკრატიის აღდგენისკენ“ მოუწოდა. მისი თქმით, ახალი მთავრობის პირობებში ქვეყანაში დემოკრატია განადგურდა. აღნიშნულის შესახებ ორბანმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ორბანის განცხადებით, 2026 წლის არჩევნების შემდეგ პარტია „ტისამ“ უნგრეთის კონსტიტუციური სისტემა შეცვალა, რის შედეგადაც, მისი შეფასებით, ქვეყანა „აღარ არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც კანონის უზენაესობას ეფუძნება“.
„უნგრეთში კვლავ ავტოკრატიის ეპოქა დადგა“, – წერს ვიქტორ ორბანი.
როგორც უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი წერს, მისი პარტია „ფიდესი“ „ამ ახალ ავტორიტარულ სისტემას არ აღიარებს“.
„ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას იმ პირების არჩევაში, რომლებიც გადაყენებული თანამდებობის პირების ნაცვლად დაინიშნენ. დემოკრატიული სამართლებრივი წესრიგის აღდგენის შემდეგ ამ გადაწყვეტილებებს გადავხედავთ“, – განაცხადა ორბანმა.
მისივე თქმით, „ფიდესი“ გამოიყენებს „ყველა მშვიდობიან საშუალებას როგორც პარლამენტში, ისე მის ფარგლებს გარეთ, რათა წინ აღუდგეს ავტოკრატიულ მმართველობას“.
„დღეიდან ჩვენი მისიაა დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს აღდგენა. ჩვენ დავეხმარებით ავტორიტარული რეჟიმის მსხვერპლებს. დავაფიქსირებთ „ტისას“ მთავრობის მიერ ჩადენილ კანონდარღვევებს. როგორც კი დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფო აღდგება, უზრუნველვყოფთ, რომ ყველა დაზარალებულმა მიიღოს კუთვნილი კომპენსაცია“, – წერს ორბანი.
სოციალურ ქსელში ორბანის ეს განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც პარტია „ფიდესში“ აღნიშნეს, რომ 21 ივლისს გამომძიებლებმა პარტიის ინტერნეტსერვერების განთავსების ოფისებში ჩხრეკა ჩაატარეს. ორბანის პოლიტიკურმა ძალამ ახალი ხელისუფლება პარტიის საქმიანობის შეწყვეტის მცდელობაში დაადანაშაულა.