წლევანდელი აშშ-ის ღია პირველობის წინ, ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა, რომ ნაომი ოსაკა ჩემპიონობამდე მივიდოდა, მაგრამ ფერადკანიანი იაპონელი მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი მთავარი სენსაციის ავტორი გახდა.
ნაომი ოსაკა 1997 წლის 16 ოქტომბერს იაპონიის ქალაქ ოსაკაში დაიბადა. მისი დედა – ტამაკი ოსაკა იაპონიიდანაა, მამა – ლეონარდ ფრანსუა ჰაიტიდან. შესაბამისად, ნაომი დედის გვარით თამაშობს.
აშშ-ის ღიას მომავალი ჩემპიონი სამი წლის იყო, როცა მისი მშობლები აშშ-ში გადავიდნენ, კერძოდ, ფლორიდას შტატში. ნაომის ორმაგი მოქალაქეობა აქვს – ამერიკული და იაპონური, მაგრამ ის არასოდეს გამოსულა აშშ-ის დროშით. ლეონარდ ფრანსუამ გადაწყვიტა, რომ მისთვის უკეთესი იქნებოდა, თუ დედის ისტორიულ სამშობლოს წარმოადგენდა. სხვათა შორის, ნაომის ჰყავს უფროსი და – მარი. ისიც ჩოგბურთს თამაშობს, მაგრამ საქმე არც ისე კარგად მისდის. 22 წლის მარის საუკეთესო შედეგი ერთეულებში – რეიტინგის მესამე ასეულის ბოლოში ადგილებია. ადრე, გოგონები წყვილთა თანრიგში ერთად თამაშობდნენ.
ოსაკამ პროფესიული კარიერა 2012 წელს დაიწყო. მის აქტივში ერთი დიდი გამარჯვება უკვე იყო – მიმდინარე სეზონში ინდიან უელსში მთავარი პრიზი მოიპოვა, ასევე, 2016 წელს იყო ტოკიოს ტურნირის ფინალში.
ყველაზე მეტად ოსაკას ჰარდზე თამაში უყვარს.
„გრუნტი? არა, მადლობთ. ბალახი – ნორმალურია, ჰარდი კი ჩემი სიყვარულია“, – თქვა ერთხელ იაპონელმა. მისი საყვარელი დარტყმა – ფორჰენდია. ბავშვობის კერპად სერენა უილიამსი მიაჩნია. მომავალი ჩემპიონის ოთახის კედლები სერენას პოსტერებით იყო აჭრელებული. მაიამიში ამერიკელის დამარცხების შემდეგ, ნაომიმ სერენა დაასახელა ჩოგბურთის არჩევის მთავარ მიზეზად. რომ არა პროფესიული ჩოგბურთი, სავარაუდოდ, სპორტული აგენტი გახდებოდა.
2017 წლის სეზონის დასრულების შემდეგ, იაპონელის მთავარი მწვრთნელი გახდა სერბი სპეციალისტი საშა ბაჟინი. ის აქამდე ცნობილი იყო სერენა უილიამსისა და კაროლინ ვოზნიაცკის სპარინგ-პარტნიორობით. დანიელთან მუშაობისას, ბაჟინმა მწვრთნელის რანგში სცადა ძალების მოსინჯვა და ვოზნიაცკიმ ის ამის გამო დაითხოვა.
სწორედ ბაჟინთან თანამშრომლობის წყალობით, 2018 წლის სეზონი ოსაკასთვის ძალიან წარმატებულად ვითარდება. წელი მან 68-ე ჩოგანის რანგში დაიწყო, ახლა კი TOP7-ში შეაღწია.
სეზონში ჰობარტის ტურნირით ჩაება, სადაც პირველივე წრეში წააგო. მაგრამ, შემდეგ, მერვედფინალამდე მივიდა ავსტრალიის ღიაზე, რაც იმ მომენტში მისი პირადი რეკორდი იყო.
დოჰასა და დუბაიში იაპონელმა, შესაბამისად, მეორე წრემდე და მეოთხედფინალამდე მიაღწია.
სეზონში და კარიერაში პირველი დიდი წარმატება გახდა ინდიან უელსში გამარჯვება. ტურნირის მსვლელობისას, მან ბრძოლას გამოთიშა რუსი მარია შარაპოვა, ჩეხი კაროლინა პლიშკოვა, რუმინელი სიმონა ჰალეპი, ხოლო ფინალში რუს დარია კასატკინას აჯობა. თუმცა, ამას მაიამის ტურნირზე მეორე რაუნდში წაგება მოჰყვა.
გრუნტის სეზონი ოსაკასთვის ნაკლებად წარმატებულად წარიმართა. მან ჩარლსტონის ტურნირზე დაიწყო გამოსვლა, სადაც მესამე წრემდე მივიდა. მადრიდში სასტარტო რაუნდში წააგო შუაი ჟანგთან, რომში მეორე წრე დათმო სიმონა ჰალეპთან. „როლან გაროსზე“ ნაომიმ მესამე წრემდე მისვლა შეძლო და იქ ამერიკელ მედისონ კისთან დამარცხდა.
რაც შეეხება ბალახის ტურნირებს, ნოტინგემში მან ნახევარფინალამდე მიაღწია და იქ წააგო ტურნირის პირველ ნომერთან, ავსტრალიელ ეშლი ბარტისთან. ბირმინგემში მეორე წრეში გავარდა, უიმბლდონზე კი მესამე წრეში ვერ გაუმკლავდა გერმანელ ანჟელიკ კერბერს.
ამერიკული საჰარდო სერია იაპონელისთვის არც ისე წარმატებით დაიწყო. ვაშინგტონში მეორე წრემდე მიაღწია, მონრეალსა და ცინცინატიში – სტარტზე წააგო.
სამაგიეროდ, აშშ-ის ღიაზე ის ვერავინ შეაჩერა. პირველ სამ წრეში, მას არც ერთ სეტში სამზე მეტი გეიმი არ წაუგია, სულ კი სამი სეტი მოიგო „მშრალი“ ანგარიშით. სერენა უილიამსთან ფინალზე და ამერიკელის სკანდალზე უკვე ბევრი დაიწერა. ურთულეს და ნერვულ მატჩში, 19 წლის ოსაკამ ასაკისთვის უჩვეულო სიმშვიდე შეინარჩუნა და ლეგენდას ორ სეტში მოუგო – 6:2, 6:4.
ოსაკა პირველი იაპონელია ჩოგბურთის ისტორიაში, ვინც ერთეულებში „დიდი სლემის“ ტურნირი მოიგო. ადრე, იაპონელი ქალი ჩოგბურთელების საუკეთესო შედეგი ნახევარფინალი იყო. ამ სტადიამდე სამჯერ მიაღწია კიმიკო დატემ: 1994 წელს – ავსტრალიაში, 1995 წელს – საფრანგეთში და 1996 წელს – უიმბლდონზე. კაცებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი კეი ნიშიკორის აქვს. ის 2014 წელს, აშშ-ის ღიას ფინალისტი იყო.
როგორც ვთქვით, ოსაკამ რეიტინგში მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო საჩემპიონო რბოლაში ის მეოთხე ადგილზეა და მეცხრე ადგილზე მყოფ კაროლინა პლიშკოვას მთელი 900 ქულით უსწრებს. ასე რომ, სინგაპურში წლის შემაჯამებელ ტურნირზე გამოსვლა რეალურია.