ვილი სანიოლს ნაკრებში ატმოსფერო მოსწონს - ფეხბურთელებს სჯერათ, რომ ლიდერების არყოფნაშიც მოიგებენ [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მარტის სანაკრებო ფანჯრის ფარგლებში, მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამარჯვების შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდი ტირანაში ალბანეთის ნაკრებს ესტუმრა და დაუმარცხებელი სერია ხუთ მატჩამდე გაზარდა – 0:0.

გუნდმა ზედიზედ მეოთხე მატჩში შეინახა მშრალად კარი, რომელსაც ამჯერად გიორგი მამარდაშვილი იცავდა.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა ალბანეთთან მარტში გამართულ შეხვედრებზე და ერთა ლიგაზე გუნდის მზადებაზეც ისაუბრა.

– ესპანეთთან თამაშმა აჩვენა, რომ ალბანეთის ნაკრები საკმაოდ ხარისხიანი გუნდია. კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელებით. მათ შეინარჩუნეს სათამაშო დისციპლინა, რომელიც ოქტომბრის შემდეგ დადებითი დინამიკით ვითარდება.

– ოთხი გამარჯვების შემდეგ, დღეს ფრედ ვითამაშეთ. მეოთხე მატჩია გოლი არ გაგვიშვია. კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, თუმცა ეს იყო უკანასკნელი თამაში ერთა ლიგის დაწყებამდე. იმედი მაქვს, ჩემი ფეხბურთელები ჯანმრთელები და კარგ ფორმაში იქნებიან ამ ტურნირის დაწყებამდე.

– როდესაც გარკვეული მოთამაშეების გარეშე კარგ შედეგს აღწევ, ეს ნიშნავს, რომ გუნდში კარგი ატმოსფეროა და ფეხბურთელებს აქვთ რწმენა, რომ რამდენიმე ლიდერის არყოფნის შემთხვევაშიც შეუძლიათ წარმატების მიღწევა. ჩვენთვის, სამწვრთნელო შტაბისთვის მნიშვნელოვანი იყო იმის ხილვა, თუ როგორი რეაქცია ექნებოდა გუნდს ასეთ ვითარებაზე.

– ერთა ლიგაზე 10 დღეში ოთხ მატჩს გავმართავთ, ასეთი სათამაშო გრაფიკი ჩვენთვის სიახლეა. ასე რომ, ჯანმრთელი და კარგ სპორტულ ფორმაში მყოფი ფეხბურთელები დაგვჭირდება.

მომდევნო მატჩებს საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისში, ერთა ლიგის ახალი სეზონის ფარგლებში გამართავს. 2-დან 12 ივნისის ჩათვლით, ვილი სანიოლის გუნდი ოთხ შეხვედრას ჩაატარებს.