ვილი სანიოლი - შედეგის მისაღწევად, მნიშვნელოვანია დისციპლინის და გუნდური სულისკვეთების შენარჩუნება #1TVSPORT
ვილი სანიოლი - შედეგის მისაღწევად, მნიშვნელოვანია დისციპლინის და გუნდური სულისკვეთების შენარჩუნება #1TVSPORT

ტირანაში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და ალბანეთთან გასამართი წლის მეორე ამხანაგური შეხვედრისთვის გუნდის მზადებაზე ისაუბრა.

„იგივე მოლოდინი მაქვს, როგორც ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მატჩამდე. სამწვრთნელო შტაბისთვის ნათელია, რომ ამ ამხანაგური მატჩების გამოყენება ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად გვსურს, თუმცა ეროვნულ ნაკრებში კარგი თამაშის ჩვენების საკითხი ყოველთვის მნიშვნელოვანია.

ველი, რომ შევინარჩუნებთ დინამიკას, რომელიც ოქტომბრიდან გვაქვს. ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მატჩის შემდეგ კმაყოფილი ვიყავი დისციპლინით და გუნდური სულისკვეთებით და იგივეს ველი ალბანეთის წინააღმდეგაც.

მეტოქეს ძალიან კარგად ვიცნობთ. მოწინააღმდეგის შესწავლა ჩემი სამსახურის ნაწილია. რა თქმა უნდა, ალბანეთი ძლიერი გუნდია, რაც ესპანეთთან შეხვედრაში დაამტკიცეს. მეტოქეს საინტერესო მოთამაშეები ჰყავს, რომლებიც კარგ ევროპულ კლუბებში თამაშობენ. ვიცით, მინიმუმ ისეთივე რთული შეხვედრა იქნება, როგორიც ბოსნია-ჰერცეგოვინას წინააღმდეგ ჩავატარეთ.

ალბანეთის ნაკრები ესპანეთთან მატჩის და მგზავრობის შემდეგ, შესაძლოა, დაღლილი იყოს, რაც გასაგებია. აქედან გამომდინარე, ცვლილებებიც არ არის გამორიცხული. ბოლო წლებში, ალბანეთის ნაკრებს სტილი და ტაქტიკა დიდად არ შეუცვლია. დადებითი შედეგის მისაღწევად, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დისციპლინის და გუნდური სულისკვეთების შენარჩუნება“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.

ალბანეთისა და საქართველოს ნაკრებების ამხანაგური მატჩი 29 მარტს ტირანაში გაიმართება. 20:00 საათიდან მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.