ვილი სანიოლი - გავალთ თუ არა ჯგუფიდან, ამაზე საუბარი მოთამაშეებისთვის ზედმეტი წნეხია #1TVSPORT
ვილი სანიოლი - გავალთ თუ არა ჯგუფიდან, ამაზე საუბარი მოთამაშეებისთვის ზედმეტი წნეხია #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა საწვრთნელი შეკრების დაწყებამდე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ევრო 2024-ზე გასამგზავრებელ ფეხბურთელთა შემადგენლობა დაასახელა და თავის არჩევანზე ისაუბრა.

„სამი თვის წინ ჩვენი ოცნება ევროპის ჩემპიონატზე თამაში იყო. ბედნიერებაა, რომ იქ გამოსვლის უფლება გვაქვს. თუ ვინმე გამოგვაკლდება, სხვას დავიმატებთ, რადგან განაცხადის უეფა-ში წარდგენის ბოლო ვადა 7 ივნისია.

გავალთ თუ არა ჯგუფიდან, ამაზე საუბარი არასწორი მგონია და ჩვენი მოთამაშეებისთვის ზედმეტი წნეხის დამატებაა. თუმცა, პოტენციალი არის.

არიან თუ არა ფეხბურთელები ოპტიმალურ ფორმაში? ახლა რომ დაგეთანხმოთ, ესეც დამატებითი წნეხი იქნება გუნდზე. ფეხბურთი არის შრომა, დისციპლინა და პროფესიონალური მიდგომა. ამ კუთხით მე გუნდის წინსვლით კმაყოფილი ვარ. მარტში, პლეიოფის მატჩებამდე შეკრებითაც კმაყოფილი ვიყავი და ისეთი დადებითი შეგრძნება მქონდა, როგორიც არასოდეს მქონია.

კიტეიშვილმა ბევრი რამ შეცვალა და მისი ბოლოდროინდელი წარმატება ამის ლოგიკური შედეგია. საერთოდ, წარმატებისთვის მხოლოდ ნიჭი არაა საკმარისი, საჭიროა დიდი და ყოველდღიური შრომა“, – ამბობს ვილი სანიოლი.