ვილი სანიოლი - ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა მნიშვნელოვანია საქართველოში ფეხბურთის განვითარებისთვის #1TVSPORT
ვილი სანიოლი - ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა მნიშვნელოვანია საქართველოში ფეხბურთის განვითარებისთვის #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სნიოლმა გამოცემა The Athletic-თან ინტერვიუში „ჯვაროსნების“ ევრო 2024-ზე გასვლასა და საქართველოში ამ სიხარულით გამოწვეულ ემოციებზე ისაუბრა. ფრანგი სპეციალისტი შეეცადა გადმოეცა, რას ნიშნავდა ეს წარმატება პირადად მისთვის.

„ეს წარმატება მხოლოდ ფეხბურთს არ ეხებოდა, ეს იყო საშუალება ქვეყანას თავისი არსებობა ყველასთვის შეეხსენებინა.

რა ხდებოდა ჩემს თავში, როცა კვეკვესკირმა გადამწყვეტი პენალტი გაიტანა? მწვრთნელს შეუძლია აკონტროლოს მატჩი, შეცვალოს ფეხბურთელები, ტაქტიკა, მაგრამ პენალტების სერიას  ვერც ერთი სპეციალისტი ვერ აკონტროლებს, ამ დროს ვერაფერს შეცვლი. ამიტომ, როცა სერია დაიწყო, მშვიდად ვიყავი, ვიცოდი, რომ მეტი არაფერი შემეძლო. უფრო მაყურებელი ვიყავი, მაგრამ, როდესაც კვეკვესკირი გადამწყვეტი პენალტის შესასრულებლად გაეშურა, ბოლო სამი წლის ნამუშევარი გამახსენდა.

როგორ ვიხსენებ იმ მღელვარე ორ კვირას? ეს არის უდიდესი მიღწევა. სამი წლის წინ, როდესაც საქართველოს ნაკრების ჩაბარება გადავწყვიტე, ბევრმა ახლობელმა მკითხა: „რატომ მიდიხარ?“ მაგრამ ახლა შემიძლია ვთქვა, ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ და შედეგსაც მივაღწიეთ. არა მხოლოდ როგორც მწვრთნელი, არამედ როგორც ადამიანი, ამით ძალიან ბედნიერი ვარ.

ფეხბურთელებს საფეხბურთო კარიერის დროს მიღებულ გამოცდილებას ვუზიარებდი და ვცდილობდი დავხმარებოდი, რომ უკეთესად ეთამაშათ. მათ ეს მატჩები ითამაშეს გონებით და არა გულით – ეს იყო ერთ-ერთი პირველი შემთხვევა ბოლო სამი წლის განმავლობაში. ეს იყო ის, რის ახსნასაც მე ვცდილობდი ამ ხნის განმავლობაში. რა თქმა უნდა, რაც გულშია, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პირველ რიგში გონებას უნდა მიენდო. ფეხბურთელებმა ეს ფანტასტიკურად გააკეთეს და ვფიქრობ, ეს ჩვენი მუშაობის შედეგიცაა.

ასეთ თამაშებში, სადაც დიდი წნეხია, ბევრი რამაა დამოკიდებული ნერვებზე და სიმშვიდის შენარჩუნებაზე. ეს წარმატება მნიშვნელოვანია საქართველოში ფეხბურთის განვითარებისთვის, სადაც სპორტი ვითარდება და ახალგაზრდა ფეხბურთელების ზრდას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ. 2017 წელს საქართველოში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა, შარშან კი, რუმინეთთან ერთად, ქვეყანამ ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლა.

რას უნდა ველოდოთ საქართველოსგან ევრო 2024-ზე? ჩვენ ვიცით, საიდან მოვდივართ და რა გზის გავლა მოგვიხდა აქ მოსახვედრად. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ჩვენ ამბიციურად ვითამაშებთ და ვეცდებით, საუკეთესო თვისებები გამოვავლინოთ.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრს ვმუშაობდით იმაზე, რომ მოედნის ცენტრში კვარაცხელიას შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოგვეყენებინა, რადგან ის არის მოათამაშე, რომელსაც ბურთის გატანაც შეუძლია და საგოლე გადაცემის შესრულებაც. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მოედნის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში მისი მსგავსი ფეხბურთელის ყოფნა. ხვიჩასთან მუშაობა ძალიან ადვილია – ის ძალიან ამბიციურია და წარმატების მისაღწევად ბევრს მუშაობს.

იქნება თუ არა გერმანიაში საქართველო გუნდი-სიურპრიზი? ფინალის შემდეგ ჩემმა ფეხბურთელებმა მითხრეს – ვილი, ჩვენ არ ვაპირებთ გერმანიაში ტურისტებად წასვლას, მე ვუთხარი – გერმანიას კარგად ვიცნობ და იქ ტურისტად ყოფნას არც მე ვაპირებ.

ნაკრების ფეხბურთელებს ჯგუფიდან გასვლა და პლეი ოფში თამაში სურთ. ვიცით, რომ ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ ისინი დიდ შეჯიბრებებზე მოხვედრაზე იმდენ ხანს ოცნებობდნენ, რომ დარწმუნებული ვარ, წარმატების მისაღწევად ყველაფერს გააკეთებენ.

ვცდილობ, სიმშვიდე ყოველთვის შევინარჩუნო. ქართველები ემოციურები არიან და მათ უფრო მშვიდი მენეჯერი უნდა ჰყავდეთ. თუ პერსონალიც ემოციებს აჰყვება, ეს არ ივარგებს. თავის დროზე რამდენიმე თვე ვიმუშავე კარლო ანჩელოტისთნ და მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ეს ჩემს კარიერაში საუკეთესო პერიოდი იყო.

ანჩელოტიმ მასწავლა, რომ ენერგია უნდა დახარჯო იმაზე, რისი შეცვლაც შესაძლებელია. პიროვნული თვისებებით ანჩელოტისთან ძალიან ახლოს იყო ოტმარ ჰიტცფელდი – ისიც ძალიან მშვიდია და ყოველთვის ცდილობდა, პოზიტიური ყოფილიყო“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.