„ვიკილიქსი“ - ჯულიან ასანჟის კატა უსაფრთხოდ არის [ვიდეო]
„ვიკილიქსი“ - ჯულიან ასანჟის კატა უსაფრთხოდ არის [ვიდეო]

ჯულიან ასანჟის კატა უსაფრთხოდ არის, – ამის შესახებ ინფორმაციას ვებგვერდი „ვიკილიქსი“ ავრცელებს.

კატა სახელად „ჯეიმსი“ „ვიკილიქსის“ დამფუძნებელ ჯულიან ასანჟთან ერთად ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოში ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

„ვიკილიქსმა“ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ „უყურებს“ კატა პატრონის დაკავების კადრებს.

„შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ ასანჟის კატა უსაფრთხოდ არის. ასანჟმა ოქტომბრის შუა რიცხვებში ადვოკატებს სთხოვა საელჩოს საფრთხისგან კატის გადარჩენა“, – ნათქვამია „ვიკილიქსის“ განცხადებაში.

„ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოში აშშ-ის მოთხოვნის საფუძველზე 11 აპრილს დააკავეს. მისი დაკავების შემდეგ სოციალურ ქსელში უამრავი ინტერნეტმომხმარებელი ინტერესდებოდა, რა ბედი ეწია ასანჟის კატას, რომელიც მასთან ერთად საელჩოში ცხოვრობდა.

ჯულიან ასანჟი ეკვადორის საელჩოს შვიდი წლის განმავლობაში აფარებდა თავს. აშშ-ში მას საიდუმლო დოკუმენტების მოპოვებისა და პუბლიკაციის მიზნით „ვიკილიქსის“ ინფორმატორ ჩელსი მენინგთან შეთქმულებაში სდებენ ბრალს. ასანჟს აშშ-ში ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.