ვიკა ფილფანი - ჩემი აზრით, მაია სანდუს განცხადება ძალიან არასასიამოვნოა, დიდი იმედი მაქვს, მოლდოვის თავს ეს არ მოხდება
ვიკა ფილფანი - ჩემი აზრით, მაია სანდუს განცხადება ძალიან არასასიამოვნოა, დიდი იმედი მაქვს, მოლდოვის თავს ეს არ მოხდება

ჩემი აზრით, ძალიან არასასიამოვნო განცხადებაა, დიდი იმედი მაქვს, მოლდოვის თავს ეს არ მოხდება, – ამის შესახებ პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ვიკა ფილფანმა განაცხადა.

ვიკა ფილფანს მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებაზე დაუსვეს კითხვა.

„მოლდოვამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა, რათა მიეღწია იმ კონდიციისთვის, რა კონდიციაშიც დღეს არის და რეალურად მართლაც ყოფილიყო განვითარებული ქვეყანა. ამ განვითარების გზაზე მოლდოვა ძალიან წარმატებით დგას. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, თუ მის გზას საფრთხე შეექმნება“, – განაცხადა ვიკა ფილფანმა.

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ ქვეყნის რუმინეთთან გაერთიანებას მხარს დაუჭერდა.

„ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც მოლდოვაა, უფრო და უფრო რთული ხდება, გადარჩეს, როგორც სუვერენული ქვეყანა“, – განაცხადა სანდუმ.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადების შეფასებას, ფილფანი ამბობს, რომ გაუგებარია, პაპუაშვილი რატომ ავლებს პარალელს საქართველოსა და მოლდოვას შორის.

„2021 წლამდე ჩვენ ვიყავით მოწინავე ქვეყანა „ასოცირებულ ტრიოს“ შორის. შემდეგ კი, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებებისა და ნაბიჯების გამო ჩვენმა ქვეყანამ დაიწყო უკუსვლა. „ქართული ოცნება“  ქვეყნის სასარგებლოდ არ იღებს გადაწყვეტილებებს. ყველა გადაწყვეტილება ეფუძნება მათთვის ძალაუფლების შენარჩუნებას და იმ ადამიანების კიდევ უფრო მეტად გაღარიბებას, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს. ჩვენი ქვეყნის მოქალაქე თავს ვერ გრძნობს ვერც დამოუკიდებელ ქვეყანაში მცხოვრებად, ვერც სუვერენულ ქვეყანაში მცხოვრებად და ვერც განვითარებად ქვეყანაში მცხოვრებად. მას ჰყავს მთავრობაში ისეთი ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის. ამიტომ ძალიან შორს არის პარალელების გავლება ისეთ ქვეყნებთან, სადაც ადამიანების ცხოვრობა ყოველდღე უმჯობესდება“,- აღნიშნა ფილფანმა.