მაია სანდუ აცხადებს, რომ მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანებას მხარს დაუჭერდა - „ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც მოლდოვაა, უფრო და უფრო რთული ხდება, გადარჩეს, როგორც სუვერენული ქვეყანა“
მაია სანდუ აცხადებს, რომ მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანებას მხარს დაუჭერდა - „ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც მოლდოვაა, უფრო და უფრო რთული ხდება, გადარჩეს, როგორც სუვერენული ქვეყანა“

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ ქვეყნის რუმინეთთან გაერთიანებას მხარს დაუჭერდა. „პოლიტიკოს“ ცნობით, ამის შესახებ მაია სანდუმ the rest is politics პოდკასტში განაცხადა.

სანდუს თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმი თუ ჩატარდება, ის მხარს დაუჭერს ამას, რადგან სულ უფრო რთული ხდება მისი ქვეყნის დამოუკიდებლად გადარჩენა.

„რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში მე რუმინეთთან გაერთიანებას მივცემდი ხმას. შეხედეთ, რა ხდება მოლდოვის გარშემო. შეხედეთ, რა ხდება მსოფლიოში. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც მოლდოვაა, სულ უფრო და უფრო რთული ხდება, რომ გადარჩეს, როგორც დემოკრატიული, სუვერენული ქვეყანა და, რა თქმა უნდა, რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად“, – აღნიშნა სანდუმ.

ამასთან, „პოლიტიკო“ მკითხველს შეახსენებს, მოლდოვა 1918 წლიდან 1940 წლამდე რუმინეთის ნაწილი იყო, შემდეგ ანექსირებული იყო საბჭოთა კავშირის მიერ, 1991 წელს კი დამოუკიდებლობა გამოაცხადა.