„ვიგო სელტადან“ ნახევარმცველი გაბრი ვეიგა კარიერას „ნაპოლიში“ გააგრძელებს #1TVSPORT
სატრანსფერო ბაზრის ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ვიგო სელტას“ ამომავალი ვარსკვლავი გაბრი ვეიგა კარიერას „ნაპოლიში“ გააგრძელებს.
21 წლის ცენტრალურ ნახევარმცველთან დაკავშირებით იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა შეთანხმებას უკვე მიაღწია და მალე სამედიცინო შემოწმებაც დაინიშნება.
ფეხბურთელის სანაცვლოდ „ნაპოლი“ „ვიგო სელტას“, ბონუსების გათვალისწინებით, 36 მილიონ ევროს გადაუხდის. ვეიგა „პარტენოპეის“ ნახევარდაცვაში, სავარაუდოდ, პიოტრ ზელინსკის ჩაანაცვლებს, რომელიც ახლოსაა, საუდის არაბეთის ჩემპიონატში გადავიდეს სათამაშოდ.
2002 წელს დაბადებული გაბრი ვეიგა „სელტას“ აკადემიის აღზრდილია. ის ძირითადი გუნდის წევრი 2020 წლიდან გახდა. გასულ სეზონში ლა ლიგაში მან 36 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. ნახევარმცველი ასევე არის ესპანეთის 21-წლამდელთა გუნდის წევრი.