ვიდეოში, რომელიც ავსტრიის ვიცე-კანცლერთან დაკავშირებული სკანდალის მიზეზი გახდა, ბოსნიელი სტუდენტია გადაღებული
ავსტრიის ვიცე-კანცლერისთვის, ჰაინც-კრისტიან შტრახესთვის საბედისწერო ვიდეოში „რუსი ოლიგარქის ნათესავი ქალი“ ბოსნიელი სტუდენტი აღმოჩნდა. ამის შესახებ ავსტრიული გამოცემა „კრონენ-ცაითუნგი“ წერს. გამოცემის ინფორმაციით, დადგმულ ვიდეოში მონაწილეობის სანაცვლოდ ბოსნიელ სტუდენტს 24 საათში 7 ათასი ევრო გადაუხადეს.
როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ბოსნიელი ქალი ავსტრიის ვიცე-კანცლერის პირადი ცხოვრების შესწავლისა და მისი გემოვნების გათვალისწინებით შეარჩიეს. როგორც ცნობილია, ფარული ჩანაწერი იბიცაზე მდებარე აგარაკზეა გადაღებული. ვიდეოში ახალგაზრდა ქალი ჰაინც-კრისტიან შტრახეს ინვესტიციებს პირდება, სანაცვლოდ კი შტრახე მისგან საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას ითხოვს.
როგორც ავსტრიული მედია წერს, ვიდეოს ავტორები თავდაპირველად ჩანაწერის გაყიდვას ცდილობდნენ, ახლა კი მისი მოშორება სურთ, რადგან აცხადებენ, რომ მათ სიცოცხლეს შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს.
აღნიშნული ვიდეოჩანაწერის გამო ავსტრიის ვიცე-კანცლერმა პოსტი დატოვა. ამას მოჰყვა სამთავრობო კრიზისი და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.