ავსტრიაში კორუფციული სკანდალის გამო ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ ყველა მინისტრმა თანამდებობა დატოვა
ავსტრიაში კორუფციული სკანდალის გამო ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ ყველა მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ავსტრიაში ვიცე-კანცლერ ჰაინც-კრისტიან შტრახეს მონაწილეობით კორუფციული სკანდალის დაწყებიდან სამი დღის შემდეგ, თანამდებობა დატოვა ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ ყველა მინისტრმა. ჰაინც-კრისტიან შტრახე „თავისუფლების პარტიის“ თავმჯდომარის თანამდებობასაც იკავებდა.

თანამდებობები დატოვეს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა, ასევე ტრანსპორტისა და სოციალურ საკითხთა მინისტრებმა.

მანამდე ავსტრიის კანცლერმა, სებასტიან კურცმა ქვეყნის პრეზიდენტს შინაგან საქმეთა მინისტრის, ასევე „თავისუფლების პარტიის“ წევრ ჰერბერტ კიკლის გათავისუფლების თხოვნით მიმართა.

თავის მხრივ, ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტია სებასტიან კურცის ხელმძღვანელობით მთელი მთავრობის გადადგომას ითხოვს.

შეგახსენებთ, სკანდალური ვიდეოს გავრცელების შემდეგ ავსტრიის კანცლერმა პრეზიდენტს ვადამდელი არჩევნებს დანიშვნისკენ მოუწოდა.

ვიდეოჩანაწერი შტრახეს მონაწილეობით გერმანულმა გამოცემებმა, „შპიგელმა“ და „სუდდოიჩე ცაიტუნგმა“ გაავრცელეს. კადრებიდან ირკვევა, რომ შტრახე და „თავისუფლების პარტიის“ საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი იოჰან გუდენუსი 2017 წელს გეგმავდნენ სახელმწიფო სამშენებლო კონტრაქტების რუსი ბიზნესმენისთვის გადაცემას, სანაცვლოდ კი მათ საპარლამენტო არჩევნების წინ ფინანსურ დახმარებას ჰპირდებოდნენ. მოლაპარაკებებს ავსტრიელ პოლიტიკოსებთან კუნძულ იბიცაზე ერთ-ერთი რუსი ოლიგარქის ნათესავი ქალი აწარმოებდა.

ვიდეოჩანაწერის გავრცელების შემდეგ, ვიცე-კანცლერმა ჰაინც-კრისტიან შტრახემ გადადგომის შესახებ განაცხადა. მან ასევე დატოვა ავსტრიის თავისუფლების პარტიის თავმჯდომარის პოსტიც.

2017 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად ავსტრიის სახალხო პარტიამ სამთავრობო კოალიცია ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიასთან“ ჩამოაყალიბა.