დიმიტრი პესკოვი – უკრაინაში კონფლიქტის მოგვარება ევროპის უსაფრთხოებას უკავშირდება
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულების საკითხი ევროპულ კონტინენტზე უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ჩამოყალიბებასთან იქნება დაკავშირებული.
„ცხადია, რომ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარება, ამა თუ იმ ფორმით, ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას დაუკავშირდება. ერთი მეორის გარეშე ვერ იარსებებს – ისინი ურთიერთდაკავშირებული ელემენტებია“,- განაცხადა პესკოვმა.
პესკოვის თქმით, რუსეთსა და ევროპას შორის ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატორი მოსკოვი არ ყოფილა და დიალოგზე უარი თავად ევროპამ თქვა. მისი განცხადებით, რუსეთი ევროპელებთან სასაუბროდ მზად არის, თუმცა ამისთვის საჭიროა, მეორე მხარეს რეალური სურვილი და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე წარმომადგენლები ჰყავდეს.
პესკოვმა აღნიშნა, რომ ევროპული ქვეყნების მიერ შერჩეულ მომლაპარაკებლებს რუსეთთან დაკავშირება ჯერ არ უცდიათ.
ამასთან, პესკოვის განცხადებით, თუ ევროკავშირს მშვიდობა არ სურს, უკრაინაში კონფლიქტის დასრულებისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებებს აზრი არ ექნება.