ვეტერანი მთამსვლელი შოთა მირიანაშვილი გარდაიცვალა #1TVSPORT

23:47, 01.09.2026

90 წლის ასაკში გარდაიცვალა ვეტერანი მთამსვლელი შოთა მირიანაშვილი, რომელსაც ამ სახეობის განვითარებაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი – ინფორმაციას საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია ავრცელებს.

„შოთა მირიანაშვილი იყო გამორჩეული ქართველი მთამსვლელი, რომელმაც თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ქართული მთამსვლელობის განვითარებასა და წინსვლას მიუძღვნა. მისი განუზომელი ღვაწლი, თავდადება და პროფესიული საქმიანობა ფასდაუდებელი წვლილია ჩვენი სპორტის განვითარებისთვის და მისი სახელი ღირსეულად დაიმკვიდრებს ადგილს ქართული მთამსვლელობის ისტორიაში“, – წერია მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის გავრცელებულ განცხადებაში.

შოთა მირიანაშვილი 1936 წლის 2 ივლისს ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში დაიბადა. იყო საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის პრეზიდენტი და შემდეგ საპატიო პრეზიდენტი.

იყო სსრკ-ის ჩემპიონი ტრავერსების კლასში (1976, საღრანის დიდი ნალი), სამგზის მეორე (1960, 1975, 1977) და სამგზის მესამე (1965, 1969, 1973) პრიზიორი სასიმაღლო, კლდოვან და ტექნიკურ კლასებში. 1960-70-იან წლებში საქართველოს მთამსვლელთა ნაკრების კაპიტანი და მწვრთნელი გახლდათ.

განხორციელებული აქვს მრავალი ასვლა, მათ შორის პირველასვლები კავკასიონზე, პამირსა და ტიან-შანზე. თსუ-ის გიორგი ნიკოლაძის სახელობის ალპური კლუბის პრეზიდენტი (1956 წლიდან), საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის პრეზიდენტი (2000 წლიდან), ასზე მეტ მასობრივ ალპინიადას და სპორტულ-საკვალიფიკაციო შეკრებას ხელმძღვანელობდა.

საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი თსუ-ს ნახევარგამტართა ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი გახლდათ.

მსგავსი