ვენესუელა - რა ხდება პოლიტიკური კრიზისის მიღმა
ვენესუელა - რა ხდება პოლიტიკური კრიზისის მიღმა

ვენესუელაში ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მებრძოლი პოლიტიკოსების გააქტიურების ფონზე პოლიტიკურმა კრიზისმა პიკს მიაღწია. საფუძველი კი ვენესუელაში წლების განმავლობაში მზარდი სოციალური პრობლემებია. ჰიპერინფლაციის, სამედიცინო მედიკამენტების და საკვების დეფიციტის გამო ბოლო წლებში ვენესუელა სამ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. მათი დიდი ნაწილი კოლუმბიაში, პერუში, ეკვადორსა და არგენტინაში გაიქცა.

30 აპრილს კი დროებითმა პრეზიდენტმა, ხუან გუაიდომ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ბრძოლაში გადამწყვეტ ფაზაში გადასვლის შესახებ განაცხადა. ოპოზიციონერის განცხადებას კარაკასში მთელი დღის განმავლობაში სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის შეტაკებები მოჰყვა. დღის ბოლოს კი ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ამბოხი დამარცხებულია, თუმცა თითქმის ამავე დროს ხუან გუაიდომ მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მოქალაქეებს ქუჩებში გამოსვლისკენ მოუწოდა.

რა დგას ვენესუელას კრიზისის მიღმა რეალურად და რის საფუძველზე იბრძვიან ძალაუფლების თუ თავისუფლების მოპოვებისთვის მხარეები.

ვინ არის პრეზიდენტი?

ეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნისთვის ალბათ ყველაზე უჩვეულო კითხვაა. თუმცა ვენესუელაში ძალიან ბევრს სურს გაიგოს ვინ არის მათი რეალური ლიდერი.

2019 წლის 23 იანვარს ოპოზიციონერმა და ეროვნული ასამბლეის ლიდერმა ხუან გუაიდომ საკუთარი თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ახალგაზრდა ოპოზიციონერის ნაბიჯი ვენესუელას პრეზიდენტ, ნიკოლას მადუროს პოლიტიკურ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა გამოდგა. ხუან გუაიდოს გადაწყვეტილებამდე ცოტა ხნით ადრე ნიკოლას მადურო ქვეყანას სათავეში მეორე ვადით ჩაუდგა.

გასაკვირი არაა, რომ ნიკოლას მადურომ მოწინააღმდეგის გადაწყვეტილება უარყო და ხუან გუაიდოს ნაბიჯი ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაწერა. მაშინ მადურომ განაცხადა, რომ ვენესუელას კონსტიტუციური პრეზიდენტი სწორედ ის არის და მომავალშიც ასე იქნება.

ვის ეკუთვნის ძალაუფლება კონსტიტუციურად?

ნიკოლას მადურო ვენესუელას პრეზიდენტად პირველად 2013 წელს, ქვეყნის ყოფილი ლიდერის, უგო ჩავესის გარდაცვალების შემდეგ აირჩიეს. პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს კი ლათინური ამერიკის ქვეყნის ეკონომიკა საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები ვენესუელაში 2018 წლის მაისში გაიმართა, სადაც გამარჯვება კვლავ ნიკოლას მადურომ მოიპოვა. თუმცა სადავო არჩევნების შედეგებს ბოიკოტი ჯერ ქვეყნის ოპოზიციურმა ჯგუფებმა გამოუცხადეს, შემდეგ კი საერთაშორისო საზოგადოების დიდმა ნაწილმა არჩევნები არალეგიტიმურად მიიჩნია. მიზეზი ქვეყანაში არსებული ვითარება იყო.

წინასაარჩევნო პერიოდში ნიკოლას მადუროს ოპონენტების დიდი ნაწილი ან დააკავეს ან არჩევნებში მონაწილეობის მიღება აუკრძალეს. ოპოზიციონერების ნაწილმა კი მთავრობის მხრიდან დევნის თავიდან ასაცილებლად ქვეყანა დატოვა.

არჩევნების შედეგები არ აღიარა ვენესუელას ეროვნულმა ასამბლეამ, რომელსაც ოპოზიცია აკონტროლებდა. შესაბამისად, უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ განაცხადა, რომ ქვეყნის პირველი პირის პოსტი ვაკანტური იყო.

ვენესუელას კონსტიტუციის 233-ე და 333-ე პუნქტების თანახმად, მსგავს შემთვევაში პრეზიდენტის მოვალეობებს არჩევნებამდე ეროვნული ასამბლეის ლიდერი ითავსებს. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს კი ამ პერიოდში ყველასთვის უკვე კარგად ნაცნობი ხუან გუაიდო ხელმძღვანელობდა.

მადუროს ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ კიდევ ერთი ფაქტი აყენებს. ოპოზიციის მტკიცებით, ნიკოლას მადურო კოლუმბიაში დაიბადა, ხოლო ვენესუელის კონსტიტუციის თანახმად, თუ პიროვნება ვენესუელაში დაბადებული არ არის, ის პრეზიდენტი ვერ გახდება. მადურო აღნიშნულ თანამდებობაზე საკუთარ მემკვიდრედ უგო ჩავესმა 2013 წელს დანიშნა.

საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია

ხუან გუაიდო ვენესუელას დროებით პრეზიდენტად 50-ზე მეტმა სახელმწიფომ, მათ შორის აშშ-მა, ევროკავშირმა და საქართველომ აღიარეს. რუსეთი, თურქეთი და ჩინეთი იმ მცირე სახელმწიფოთა შორის აღმოჩნდნენ, რომლებმაც ნიკოლას მადუროს დაუჭირეს მხარი.

ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერის მიუხედავად, ხუან გუაიდოს საკუთარ ქვეყანაში საკმაოდ სუსტი მხარდაჭერა აქვს. მართალია, ის ეროვნული ასამბლეის ლიდერია, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს, ეროვნული კონსტიტუციური ასამბლეის შექმნის შემდეგ ძალაუფლება დაეკარგა. ახალ ინსტიტუტს კი სრულად ნიკოლას მადუროს მხარდამჭერები აკონტროებენ.

ჩიხიდან გამოსვლის გზა

ვენესუელას კრიზისში გადამწყვეტი მოთამაშეები სამართალდამცველები და არმია არიან. აქამდე ისინი ნიკოლას მადუროს ერთგულები იყვნენ. ამაზე ვენესუელას ლიდერმა დიდი ხნით ადრე იზრუნა. სამართალდამცველებს და სამხედრო მოსამსახურეებს სისტემატიურად ეზრდებათ თვიური ანაზღაურება. სარგებლობენ სხვადასხვა პრივილეგიით. ამასთან, რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანს დღეს საკვანძო პოსტი უკავია.

ზემოთ აღნიშნული პრივილეგიების მიუხედავად, არმიის მცირე ნაწილი ხუან გუაიდოს მხარეს მაინც გადავიდა. ამას 30 აპრილს, კარაკასთან ახლოს არსებულ სამხედრო ავიაბაზაზე გადაღებული ვიდეო მიმართვაც ცხადყოფს, სადაც ოპოზიციონერი ლიდერი სამხედრო პირებთან ერთად მოსახლეობას ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ფაზაში გადასვლის შესახებ ატყობინებს. ვიდეომიმართვაში ხუან გუაიდო სხვა სამხედრო მოსამსახურებსაც მასთან გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

ვენესუელა და სამხედრო გადატრიალებები

ლათინური ამერიკის ქვეყანაში სამხედრო გადატრიალებები იშვიათი მოვლენა არ არის. ჯერ კიდევ 1958 წელს სამხედრო გადატრიალების შედეგად ვენესუელას ძალაუფლებაში დიქტატორი, მარკოს პერეს ხიმენესი მივიდა. ამავე ხერხით დაიკავა მადუროს წინამორბედმა, უგო ჩავესმა ქვეყნის პირველი პირის პოსტი 1992 წელს.

ახლა არმიის მხარდაჭერას ქვეყნის დროებითი პრეზიდენტი, ხუან გუაიდო ითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ 30 აპრილს ხუან გუაიდომ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად გადაღებული ვიდეომიმართვა ავიაბაზიდან გაავრცელა, ლათინური ამერიკის ქვეყნის არმიის სრულ მხარდაჭერას არ ნიშნავს. როგორც თავად ნიკოლას მადურო აცხადებს, მას სამხედრო მაღალჩინოსნების სრული მხარდაჭერა აქვს, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკვანძო მომენტში 200 000 სამხედრო მოსამსახურისგან შემდგარი არმია ჯერ უცნობია.

მთავარი სოციალური გამოწვევები

ვენესუელაში ყველაზე დიდი პრობლემა ჰიპერინფალციაა, რის გამოც 2018 წლის შემდეგ პროდუქტებზე ფასები ყოველ 20 დღეში ერთხელ ორმაგდებოდა. ფასების ზრდის შემდეგ კი ლათინური ამერიკის ქვეყანაში საკვების და სამედიცინო მედიკამენტები სერიოზული დეფიციტი წარმოიქმნა. მოსახლეობის 87% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. გაერო-ს მონაცემებით, ქვეყანაში არებული ვითარებიდან გამომდინარე, ბოლო რამდენიმე წელიწადში ვენესუელა მილიონობით ადამიანმა დატოვა და მეზობელ ქვეყნებს შეაფარა თავი.

დატოვე კომენტარი