ვენესუელის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო სისხლის სამართლის ბრალდებებით, მათ შორის ნარკოტერორიზმის მუხლით, აშშ-ის სასამართლოს წინაშე წარდგება
ვენესუელის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო სისხლის სამართლის ბრალდებებით, მათ შორის ნარკოტერორიზმის მუხლით, აშშ-ის სასამართლოს წინაშე წარდგება.
მედიის ცნობით, სასამართლოს მოსმენის წინ მადუროს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული მრავალი კითხვა პასუხგაუცემელი რჩება, მათ შორის, თუ როგორ შეიძლება მადურომ გამოიყენოს სამართლებრივი არგუმენტების მთელი რიგი საქმის გასაპროტესტებლად; რა მტკიცებულებებს წარადგენენ პროკურორები „ნარკოტერორიზმის“ და ნარკოტიკებით ვაჭრობის შესახებ ბრალდებების დასასაბუთებლად.
მედიის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს აქვს უცხოელი პირების წინააღმდეგ შიდა კანონმდებლობის აღსრულების ისტორია, მოქმედი და ყოფილი სახელმწიფო მეთაურების სისხლისსამართლებრივი დევნა ძალიან იშვიათია.
როგორც „სიენენი“ წერს, ნიკოლას მადუროს საქმის მოსამართლემ განაცხადა, რომ, იურიდიული ხარჯების შესახებ მიმდინარე დავის მიუხედავად, ის პროცესს არ შეწყვეტს.
მადუროს ადვოკატმა განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტს და მის ცოლს არ შეუძლიათ იურიდიული ხარჯების დამოუკიდებლად გადახდა და მისი თქმით, ამის უფლება არც ვენესუელის მთავრობას აქვს.
ცნობისთვის, ნიკოლას მადურო 2026 წლის 3 იანვარს, სპეციალური ოპერაციის ფარგლებში, აშშ-ის სპეციალური დანიშნულების ძალებმა დააკავეს, შემდეგ კი შეერთებულ შტატებში გადაიყვანეს.
მადურო აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ წაყენებულ ყველა ბრალდებაში უდანაშაულოა.