ვენეციის კომისია მოსამართლეთა შერჩევის შესახებ​ კანონპროექტზე მოსაზრებებს სავარაუდოდ 19 აპრილამდე მოამზადებს
ვენეციის კომისია მოსამართლეთა შერჩევის შესახებ​ კანონპროექტზე მოსაზრებებს სავარაუდოდ 19 აპრილამდე მოამზადებს

ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს დეტალურად გავაცანით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ უმრავლესობის მიერ შემუშავებული კანონპროექტი და ვისაუბრეთ იმ ძირითად პრინციპებზე, რომელსაც კანონპროექტი ეფუძნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მოსამართლეთა შერჩევის შესახებ უმრავლესობის მიერ შემუშავებული კანონპროექტი ეფუძნება ევროსაბჭოს ძირითად რეკომენდაციებს და შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან.

„ვისაუბრეთ იმ პრობლემატურ საკითხებზე, რაც შექმნილია უზენაეს სასამართლოში, სასამართლოს გადატვირთულობის თვალსაზრისით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა, როდესაც ასეულობით საქმეa და მათი განხილვა ყოვნდება იმის გამო, რომ არ გვყავს მოსამართლეების ის რაოდენობა, რომელიც აუცილებელია უზენაეს სასამართლოში. დავსვით საკითხი, რომ ეს არის სერიოზული გამოწვევა და ამისთვის აუცილებელია დროული რეაგირება, ამიტომ ჩვენ ვენეციის კომისიას ვთხოვეთ, რომ მეორე მოსმენამდე წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრება, რათა ვიმსჯელოთ ამ მოსაზრებებზე, გავითვალისწინოთ და კანონი მივიღოთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მეორე მოსმენის თარიღად დასახელებულია 19 აპრილი.

„ამ თარიღით ვხელმძღვანელობთ. იმედი გვაქვს, ამ დრომდე მოესწრება კომისიის მხრიდან მათი მოსაზრებების წარმოდგენა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში, ვენეციის კომისიის ექსპერტები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, ასევე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდებიან.

საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს 20 მარტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 89 დეპუტატმა დაუჭირა, 31 კი წინააღმდეგ წავიდა.