ვენეციაში წყალდიდობის მიზეზად კლიმატის ცვლილებები სახელდება
ვენეციაში წყალდიდობის მიზეზად კლიმატის ცვლილებები სახელდება

ვენეციის მერი წყალდიდობის მიზეზად კლიმატის ცვლილებას ასახელებს. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. ლუიჯი ბრუნაროს განცხადებით, კლიმატის ცვლილების შედეგები მასშტაბური იქნება და მთავრობამ ამას უნდა მიაქციოს ყურადღება.

50 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურმა მოქცევამ იტალიის ქალაქი ფაქტობრივად, წყლის ქვეშ მოაქცია. ყველაზე რთული ვითარება წმინდა მარკოს მოედანზეა, ის ვენეციაში ზღვის დონიდან ყველაზე დაბლა მდებარე ადგილია. დაიტბორა მოედანზე არსებული ბაზილიკაც. როგორც „ბიბისი“ იუწყება, წმინდა მარკოზის ტაძარი არსებობის 1200 წლის განმავლობაში სულ ექვსჯერ დაიტბორა. აქედან ოთხი ბოლო 20 წლის განმავლობაშია დაფიქსირებული.

როგორც ცნობილია, წმინდა მარკოზის ბაზილიკა დატბორვის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა. მთლიანად დაიტბორა საძვალე. ასევე არსებობს საშიშროება, რომ წყალდიდობის დროს დაზიანდა ტაძრის სვეტების კონსტრუქცია. ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან ერთად დატბორილია რესტორნები, ბარები და ათობით მაღაზია.

ვენეციაში სტიქიას უკვე მოჰყვა მსხვერპლიც. წყალდიდობის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი.

ვენეციის დატბორვას, იგივე „აქუა ალტას“ ძლიერი მოქცევისა და მეტეოროლოგიური შტორმის კომბინაცია იწვევს. ის სიროკოს სახელით ცნობილი თბილი ქარების შედეგად წარმოიქმნება. „ბიბისის“ ცნობით, თუ „აქუა ალტას“ ისტორიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ უკანასკნელი ხუთი მასშტაბური დატბორვა ბოლო 20 წელიწადში ფიქსირდება.

დატოვე კომენტარი