ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროპის დამოუკიდებლობა დღეს გამოცდას გადის, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კაშირის გაფართოებას, რომელიც არა მხოლოდ ახალ წევრებს, არამედ ევროკავშირს აძლიერებს და ამდიდრებს
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გაფართოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის გაფართოების ახალ ისტორიულ შესაძლებლობაზე, უსაფრთხოების გამოწვევებზე, ეკონომიკურ სარგებელსა და კანდიდატი ქვეყნების პროგრესზე ისაუბრა.
ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ დღეს ევროპის თავისუფლება და დამოუკიდებლობა გამოცდას გადის, რის გამოც კავშირის გაფართოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
მისი თქმით, ისტორიამ აჩვენა, რომ გაფართოება არა მხოლოდ ახალ წევრებს, არამედ მთლიანად ევროკავშირს აძლიერებს და ამდიდრებს.
როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, 2004 წლის გაფართოების შემდეგ ახალ წევრ ქვეყნებში რეალური ხელფასები გაორმაგდა, ხოლო მთლიანად კავშირში შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 10%-ით გაიზარდა. მან პოლონეთისა და ბელარუსის მაგალითებიც შეადარა და აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზის არჩევის შედეგად დღეს პოლონეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე თითქმის სამჯერ აღემატება ბელარუსისას.
„გაფართოების ფუნდამენტური გაკვეთილი ასეთია: ის უბრალოდ კი არ ანაწილებს კეთილდღეობას, არამედ ქმნის უფრო მეტს. ევროპულ ოჯახში ახალი წევრების დამატებამ ჩვენი კავშირი არა მხოლოდ უფრო აყვავებული, არამედ უფრო ძლიერიც გახადა. რომ არა წინა გაფართოებები, ვიქნებოდით კი დღეს უკეთეს პოზიციაში რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად?“ – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისივე შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში პირველად გაჩნდა გაფართოების რეალური პერსპექტივა და კანდიდატი ქვეყნებიც მნიშვნელოვან წვლილს შემატებენ კავშირს.
„მრავალი წლის განმავლობაში პირველად, ჩვენ წინაშე გაფართოების რეალური პერსპექტივაა. მონტენეგრო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ფინიშის ხაზს უახლოვდება. ალბანეთი შთამბეჭდავ პროგრესს აღწევს. როგორც მოლდოვა, ისე უკრაინა უკიდურესი ზეწოლის ფონზე აგრძელებენ წინსვლას თავიანთ ევროპულ გზაზე. გაფართოება მხოლოდ ის არ არის, რასაც ევროპა სთავაზობს ახალ წევრებს, არამედ ისიც, რაც მათ შემოაქვთ ევროპაში. უკრაინელი ინჟინრები გვეხმარებიან თავდაცვითი ტექნოლოგიების განვითარებაში, მოლდოველებს კი უცხოური ჩარევისგან დემოკრატიის დაცვის კუთხით ბევრი რამ აქვთ ჩვენთვის სასწავლი“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა გაფართოების პროცესის მოდერნიზებაზეც და აღნიშნა, რომ თავად ევროკავშირმა უნდა დახვეწოს გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რათა გაფართოების შემდეგ უფრო სწრაფი და ეფექტიანი დარჩეს. მისი თქმით, კანდიდატი ქვეყნებისთვის ევროკავშირი ნერგავს „ეტაპობრივი ინტეგრაციის“ პრინციპს, რაც რეფორმების სანაცვლოდ ერთიანი ბაზრის სექტორების გახსნასა და ინვესტიციებს გულისხმობს. თუმცა მან ასევე ხაზი გაუსვა გაწევრიანების შემდგომი მკაცრი გარანტიების აუცილებლობას.
„პრინციპი მარტივია: პროგრესი რეფორმებში იწვევს პროგრესს ინტეგრაციასა და ახალ ბაზრებზე ორივე მხარისთვის. დაბოლოს, გაწევრიანებამდე აღებული ვალდებულებები მის შემდეგაც უნდა შენარჩუნდეს. ფუნდამენტური პრინციპები, როგორიცაა, მაგალითად, კანონის უზენაესობა, ყოველდღიურად უნდა იყოს დაცული. სწორედ ამიტომ გამოვდივართ გაწევრიანების შემდგომი უფრო ძლიერი გარანტიების შემოღების ინიციატივით“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
გამოსვლის დასასრულს მან აღნიშნა, რომ ერთიანი ევროპა არ არის მხოლოდ უფრო დიდი ერთიანი ბაზარი, არამედ ეს არის საერთო ღირებულებებითა და ბედით გაერთიანებული კონტინენტი. ევროკომისიის პრეზიდენტმა ლიდერებს გამბედაობისა და შორსმჭვრეტელობის გამოჩენისკენ მოუწოდა.