მარტა კოსი – ჩვენ გვიპირისპირდებიან მოწინააღმდეგეები, რომლებსაც სურთ გაფართოების პროცესის ჩაშლა და კანდიდატი ქვეყნების დაზიანება, მაგრამ მთავარი სამიზნე ვართ ჩვენ – ევროკავშირი

13:43, 16.11.2026

ჩვენ გვიპირისპირდებიან მოწინააღმდეგეები, რომლებსაც სურთ გაფართოების პროცესის ჩაშლა და კანდიდატი ქვეყნების დაზიანება, მაგრამ მთავარი სამიზნე ვართ ჩვენ – ევროკავშირი, – ამის შესახებ ევროკომისარმა, მარტა კოსმა გაფართოების ფორუმის გახსნისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კოსმა ისაუბრა ევროპის გაერთიანების აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში ევროპას უმოქმედობის უფლება არ აქვს.

მისი თქმით, მომავალი თაობებისთვის მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად ევროპის გაერთიანების დასრულება გადამწყვეტია. მარტა კოსის განცხადებით, დღეს გაფართოება გაცილებით კონკურენტულ და მტრულ გარემოში მიმდინარეობს.

„ბევრ პარალელს ვხედავ ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოსა და ორათასიანი წლების დასაწყისთან, როდესაც გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა ჩვენს კონტინენტზე პოლიტიკური წესრიგი გარდაქმნა და გაფართოება იყო ევროპის პასუხის ნაწილი ცივი ომის დასრულებაზე, თანაც, ძალიან წარმატებით. ჩვენ ცამეტი ახალი წევრი სახელმწიფო შემოგვიერთდა. დღეს გაფართოება კვლავ არის ბევრად ფართო დებატების ნაწილი იმის შესახებ, როგორ შევქმნათ ევროპის მომავალი, რათა უზრუნველვყოთ მშვიდობა, თავისუფლება და კეთილდღეობა მომავალი ათწლეულების განმავლობაში. ამას ასახავს ის სისწრაფეც, რომლითაც ზოგიერთი კანდიდატი წინ მიიწევს. მხოლოდ წელს ჩვენ იმაზე მეტი შედეგი დავდეთ, ვიდრე ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში ნებისმიერ სხვა წელს. თუმცა, დღევანდელი გაფართოება ბევრად კონკურენტულ გეოპოლიტიკურ გარემოში მიმდინარეობს. ჩვენ გვიპირისპირდებიან მოწინააღმდეგეები, რომლებსაც სურთ ამ პროცესის ჩაშლა და კანდიდატი ქვეყნების დაზიანება, მაგრამ მთავარი სამიზნე ვართ ჩვენ — ევროკავშირი. რუსეთს სურს ევროპის გაერთიანების პროცესის უკან დახევა და თქვენ იცით ამაზე ჩვენი პასუხი: ამას არ დავუშვებთ. ნაცვლად ამისა, მოდით, გამოვიყენოთ ეს მომენტი, რათა ავაშენოთ უფრო დიდი და ძლიერი ევროპა, რომელსაც საკუთარი მომავლის განსაზღვრა შეუძლია. პრეზიდენტო ფონ დერ ლაიენ, გაფართოებისადმი თქვენი პირადი ერთგულება გადამწყვეტი აღმოჩნდა იმისთვის, რომ დღეს აქამდე მოვსულიყავით. თქვენ ეს საკითხი უფრო ძლიერი და დამოუკიდებელი ევროპის შესახებ თქვენი ხედვის ცენტრალურ ნაწილად აქციეთ. ევროპული ინტეგრაციის ისტორიაში არასდროს ყოფილა პოლიტიკურად უფრო რთული გაფართოების წინ წაწევა. და მაინც, ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ ამ გზას წინ მიუძღვებით. მადლობა ამისთვის“, – განაცხადა მარტა კოსმა.

მსგავსი