ვლადიმერ პუტინი – დასავლეთის ქვეყნების ამბიციები სამართლიანი საერთაშორისო წესრიგის ჩამოყალიბებას ხელს უშლის
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის ნეოკოლონიური ამბიციები ხელს უშლის სამართლიანი და დემოკრატიული საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის ჩამოყალიბებას. ამის შესახებ პუტინმა მოძრაობის „ერების თავისუფლებისთვის!“ გენერალური ასამბლეის ორგანიზატორებისა და მონაწილეებისადმი მისასალმებელ მიმართვაში განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.
„თანამედროვე მსოფლიო მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. სულ უფრო მეტი ქვეყანა მხარს უჭერს საერთაშორისო ურთიერთობების სამართლიანი, დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც მრავალპოლარულობისა და რეალური თანასწორობის პრინციპებს ეფუძნება. ამ მიზნის მიღწევის სერიოზულ დაბრკოლებად დასავლეთის ზოგიერთი სახელმწიფოს ნეოკოლონიური ამბიციები რჩება“, – ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის მიმართვაში, რომელიც კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
პუტინის მტკიცებით, ყოფილი კოლონიური სახელმწიფოები, რომლებიც წარსულში იძულებული გახდნენ, უარი ეთქვათ აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ხალხებზე პირდაპირ ბატონობაზე, დღემდე ცდილობენ ამ რეგიონების ქვეყნების ეკონომიკებზე კონტროლის შენარჩუნებას, მათ შიდა საქმეებში ჩარევასა და საგარეო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას.