ვატო შაქარიშვილი - ვაშაძესთან ერთად, რომელსაც აქვს „კაგებეს“ მოწმობა, შეუთავსებელია რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა
ვატო შაქარიშვილი - ვაშაძესთან ერთად, რომელსაც აქვს „კაგებეს“ მოწმობა, შეუთავსებელია რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა

მოსვლის მიზანი იყო, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ვაშაძესთან ერთად, რომელსაც აქვს კაგებეს მოწმობა, შეუთავსებელია რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა, მიზანი და მოქმედებები შეუთავსებელია ერთმანეთთან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ვატო შაქარიშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ კომენტირებისას განუცხადა.

„მიუღებელია საზოგადოების უდიდესი, ჯანსაღი ნაწილის და განწყობების ოკუპირება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რადგან ეს არის პოლიტიკური ძალა, რუსული პასპორტი რომ უდევს გულის ჯიბეში ვაშაძეს, დგას და აკეთებს ანტირუსულ განცხადებებს. და მეორე – „ოცნების“ ხელისუფლება, რომელმაც ყოველგვარი ტანკების, იარაღის გარეშე შემოუძღვა რუსეთს და დასვა პარლამენტში. მან საკუთარი სკამი, ლეგიტიმაცია, მანდატი, რომელიც ქართველმა ხალხმა მიანიჭა, ჩვენი ნების წინააღმდეგ გადასცა რუსეთს, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. გავაგდეთ გავრილოვი, რომელთანაც ნაკლები პრობლემა გვაქვს, მთავარი ადრესატი არის კობახიძე და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელმაც დაუთმო პარლამენტი რუსეთს. ეს ვთქვი, საზოგადოების ნაწილში გამოიწვია არაერთგვაროვანი რეაქცია“, – აღნიშნა ვატო შაქარიშვილმა.

მისი თქმით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე არის ხალხი, რომელსაც სწყურია ძალადობა. ვატო შაქარიშვილის განცხადებით, გამოსვლა არც დაასრულებინეს, ისე გადავიდნენ ძალადობაზე. მისივე თქმით „ასე იქცეოდნენ ხელისუფლებაში, ასე იქცევიან დღესაც“.

„მე არ მგონია, იმ მიზნის მისაღწევად, რაც ჩვენ გვამოძრავებს, რუსული პასპორტი რომ უდევს ვაშაძეს, მის გვერდით განცხადებებს ვაკეთებდე. მოვუწოდე ხალხს, რომ რეალური მისამართი არის სხვაგან. ჩვენ შევიმუშავებთ სამოქმედო გეგმას, ხალხი, რომელსაც ასეთი განწყობა აქვს, რომ დაუშვებელია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა, რომელიც პირდაპირ შემოუძღვა რუსულ ტანკებს და ასევე დაუშვებელია „ოცნებას“ გავუტაროთ ის, რაც გააკეთა. მოსვლის მიზანი იყო, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ვაშაძესთან ერთად, რომელსაც აქვს კაგებეს მოწმობა, შეუთავსებელია რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა. მიზანი და მოქმედებები შეუთავსებელია ერთმანეთთან. რომ დარბიან და ელგებეტე პირებს თავისი აზრის გამო ურტყამენ, მე მოვედი, ჩემი აზრი ვთქვი და იხმარეს ძალა, გვცემეს, პოლიციამ ვერ დაგვიცვა და ვერ ვთქვით ჩვენი სათქმელი“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე თბილისის საკრებულოს წევრ ვატო შაქარიშვილს აქციის მონაწილეებმა სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მისცეს. აქციის მონაწილეებმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.