ვატო გელაშვილი - ცოტნე გამსახურდია ფიქრობდა, რომ მამამისის საქმის გამოძიების გამო აუცილებლად მოუწყობდნენ დივერსიას
ვატო გელაშვილი - ცოტნე გამსახურდია ფიქრობდა, რომ მამამისის საქმის გამოძიების გამო აუცილებლად მოუწყობდნენ დივერსიას

ცოტნე გამსახურდია ფიქრობდა, რომ მამამისის საქმის გამოძიების გამო აუცილებლად მოუწყობდნენ დივერსიას, – ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას მეგობარმა, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,შეაჩერე კორუფციის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ვატო გელაშვილმა ჟურნალისტებს ხეჩინაშვილის კლინიკაში განუცხადა.

გელაშვილის მიიჩნევს, რომ ორი დღის წინანდელი თავდასხმა სწორედ ცოტნე გამსახურდიას წინააღმდეგ მოწყობილი დივერსიაა.

„ის ელოდებოდა თავდასხმას. რამდენჯერმე ახსენა, რომ შეიძლება, ჩემი ლიკვიდაციაც კი მოხდესო. როდესაც ეს ამბავი შევიტყვეთ, ცოტნეს სიტყვები გაგვახსენდა და ვფიქრობთ, ეს არის დივერსია მის წინააღმდეგ, რადგან ამ ქვეყანაში ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გახსნა არ სურთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ბედავენ და მის მკვლელობის მცდელობას ჩადიან“, – განაცხადა გელაშვილმა.

გელაშვილის თქმით, მსგავსი რამ ცოტნე გამსახურდიას სხვა მეგობრებთანაც აქვთ ნათქვამი.

„შარშან დეკემბრის თვეში ეს ჩემთან თქვა, ასევე აქვს ნათქვამი მის ახლო მეგობრებთანაც, ძალიან კარგი იქნება, თუ მათ რამე დამატებითი ინფორმაცია აქვთ, თქვან, რადგან ვფიქრობ, მორალური პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ, მეგობრებს, ვისაც ცოტნე ასე გულახდილად გვესაუბრა, რომ ეს ვერსია იყოს ნათქვამი, იმისთვის არ მოგვაწოდა, რომ დაგვემალა და შეგვენახა“, – განაცხადა ვატო გელაშვილმა.

გამსახურდიას მეგობარი ვარაუდობს, რომ არასწორია ვერსია, თითქოს პირველი პრეზიდენტის შვილს ასეთი სერიოზული დაზიანებები ერთმა ადამიანმა მიაყენა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია არ არის დამაჯერებელი, რომ ერთმა ადამიანმა შეძლო, ცოტნე გამსახურდიასთვის ასეთი დაზიანებები მიეყენებინა, ფაქტიურად სასიკვდილოდ გაემეტებინა. არ არის სწორი, ამას ვერ შეძლებდა. სავარაუდოდ, ადგილზე ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფებოდა და ყველანი ჩართული იყვნენ ცოტნე გამსახურდიასთვის სასიკვდილო დაზიანებების მიყენებაში“, – ვარაუდობს გამსახურდიას მეგობარი.

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. შსს-ის ინფორმაციით, 1991 წელს დაბადებული ტ.ღ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით არის დაკავებული, ხოლო ოთხი პირი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა და ხეჩინაშვილის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.