ვასილ მაისურაძე - საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ელიტრაუნდში ძლიერი მეტოქეები ჰყავს #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვასილ მაისურაძემ და გუნდის კაპიტანმა, ალექსანდრე ნარიმანიძემ კომენტარი გააკეთეს ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მოახლოებულ მატჩებზე, რომელიც იტალიაში გაიმართება.
„ძლიერ მეტოქეებთან სამი უმძიმესი თამაში გველის. მაქსიმალურად ვცდილობთ, ამ მატჩებს მომზადებულები შევხვდეთ და დროის დეფიციტში ძალები გადავანაწილოთ, რათა შეხვედრებამდე ოპტიმალურ ფორმაში ვიყოთ.
ჩვენი მეტოქე, იტალია ამ ასაკში ევროპის ჩემპიონია, ჩეხეთს და შოტლანდიას კი საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდები ჰყავთ. სამწუხაროდ, დაგვაკლდა ლექსო ფეიქრიშვილი, რომელსაც დიდი დრო გაუცდა. სხვა დანაკლისი არ გვაქვს. დანარჩენები მატჩებს ოპტიმალურ ფორმაში ხვდებიან და მზად არიან“, – ამბობს ვასილ მაისურაძე.
ალექსანდრე ნარიმანიძე, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი: „ჩეხეთი და შოტლანდია წინა ასაკის ელიტრაუნდშიც ჩვენი მეტოქეები იყვნენ, ორივე ძლიერი გუნდია. თუმცა, ჩეხებთან მაინც გავიმარჯვეთ. ახლა ფიზიკურად უკეთ ვარ მომზადებული, ვიდრე პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშების დროს, რადგან ზამთრის შეკრება „იბერიის“ ძირითად შემადგენლობასთან ერთად გავიარე“.
20 მარტს (18:00) საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჩეხეთს შეხვდება, 23 მარტს (18:00) – შოტლანდიას, ხოლო 26 მარტს (20:30) – მასპინძელ იტალიას.