საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა შოტლანდია დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა შოტლანდია დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები იტალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მეორე ტურში შოტლანდიას დაუპირისპირდა და 3:2 გაიმარჯვა.

ჩეხეთთან პირველ ტურში მარცხის შემდეგ ვასილ მაისურაძის გუნდს ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსის შესანარჩუნებლად მხოლოდ მოგება აძლევდა ხელს. ქალაქ მანძანოში გამართულ შეხვედრაში გუნდმა მიზანს მიაღწია.

შეხვედრაში ანგარიში შოტლანდიელებმა მე-11 წუთზე რორი უილსონის გოლით გახსნეს. შესვენებამდე ცოტნე ბერელიძემ წონასწორობა აღადგინა, ხოლო ალეკო ბასილაძემ მეორე ტაიმში ჩვენი გუნდი დააწინაურა. მეტოქემ 66-ე წუთზე ბობი უელზის გოლით ანგარიში გაათანაბრა.

გადამწყვეტი გოლი დაჩი ლორთქიფანიძემ გაიტანა. „კრემონეზეს“ დუბლშემადგენლობის ქართველმა კაპიტანმა 70-ე წუთზე შოტლანდიელების კარი აიღო და გუნდს ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი შეუნარჩუნა.

საქართველოს ნაკრები ელიტრაუნდის ბოლო შეხვედრას 26 მარტს თბილისის დროით 17:30 საათზე მასპინძელ იტალიასთან გამართავს.

საქართველო U19 – შოტლანდია U19 3:2

გოლები: 0:1 უილსონი (11), 1:1 ბერელიძე (45+1), 2:1 ბასილაძე (55), 2:2 უელზი (66), 3:2 ლორთქიფანიძე (70)