ვასილ მაღლაფერიძე - ტრადიციულად ვამბობთ, რომ ბავშვებს ტელევიზორი უნდა გამოვურთოთ, ახლა პირიქით, მშობლებს ვთხოვთ, ჩავურთოთ „პირველი არხი - განათლება“
ვასილ მაღლაფერიძე - ტრადიციულად ვამბობთ, რომ ბავშვებს ტელევიზორი უნდა გამოვურთოთ, ახლა პირიქით, მშობლებს ვთხოვთ, ჩავურთოთ „პირველი არხი - განათლება“

პროექტ „ტელესკოლის“ ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ის სასწავლო პროგრამა, რომელიც შემდგომ მოსწავლეებს მოეთხოვებათ, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა.

„ინფექციის გავრცელების გამო, სასწავლო პროცესის შეჩერებისთანავე, განათლების სამინისტრომ და საქართველოს პირველმა არხმა დავიწყეთ ტელესკოლის პროექტზე მუშაობა. განათლების სამინისტროს სპეციალისტებმა და საქართველოს პირველი არხის პროდიუსერებმა, შეიძლება ითქვას, 24 საათი იმუშავეს, ფაქტობრივად, შეუძლებელი შეძლეს და ძალიან დიდი მოცულობის საქმე გასწიეს. ასეთი მასშტაბის სამაუწყებლო ბადის შექმნა მარტივი არ არის. ყველა ენთუზიაზმით იყო ჩართული. დღეს შეიძლება, სრულყოფილი არ არის და ამაზე გავაგრძელებთ მომავალში მუშაობას, მაგრამ უკვე ძალიან საინტერესო პროდუქტი შეიქმნა. ამასობაში გაჩნდა აზრი, რომ ეს ყოფილიყო არა ამ კრიზისის პერიოდში, არამედ მუდმივად. შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, ისტორიული ამბავი მოხდა. ვინც ჩართავს ტელევიზორს, უკეთესად დაინახავს, შეიცვლება ლოგო, მეორე არხს გადაერქვა სახელი და გახდა „პირველი არხი – განათლება“. მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს იქნება მუდმივი პროექტი, სასკოლო, შემეცნებითი პროგრამით, ფაქტობრივად საგანმანათლებლო არხი ყველა ატრიბუტით“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

მისი თქმით, „პირველი არხი – განათლების“ მაყურებლისთვის უფრო მრავალფეროვანი პროგრამის შეთავაზების მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.

„ამ დღეებში საგაკვეთილო პროგრამაში შევიტანთ სპორტს, ცეკვას, მუსიკას, რათა ბავშვებმა განათლება მაქსიმალურად მიიღონ და ამავე დროს, გაერთონ და სახლშიც უფრო აქტიურად იყვნენ. მეორე მხრივ, მშობლებს უნდა ვთხოვოთ, რომ მათგანაც გვინდა ხელშეწყობა – ტრადიციულად ვამბობთ, რომ ბავშვებს ტელევიზორი გამოვურთოთ; ახლა პირიქით – ჩავურთოთ ტელევიზორი, ჩავურთოთ მათი არხი, „პირველი არხი – განათლება“. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს არ ყოფილიყო რუტინული და მოსაწყენი, არამედ მაქსიმალურად საინტერესო. ვფიქრობ, აქ იქნება წარმოდგენილი ის სასწავლო პროგრამა, რომელიც შემდგომ მათ მოეთხოვებათ. ვფიქრობ, მთელი საზოგადოება გავერთიანდებით ამ მიმართულებით და კარგ შედეგამდე მივალთ“, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს პირველი არხი საგანმანათლებლო პროექტ „ტელესკოლას“ იწყებენ. „ტელესკოლა“ 30 მარტიდან დაიწყება. სკოლის მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტელეგაკვეთილების ნახვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე შეეძლებათ, რომელიც 30 მარტიდან სახელით „პირველი არხი – განათლება“ იმაუწყებლებს.

საეთერო ბადე (გაკვეთილების ცხრილი) ყველა კლასის საგანს მოიცავს. ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ჩაატარებენ, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორიდან და მოსწავლეებს „ტელესკოლის“ ფორმატს მორგებულ სასწავლო პროგრამას შესთავაზებენ.