ვასილ მაღლაფერიძე - საქართველოს პირველი არხის ონლაინოლიმპიადამ „ჩვენი ქართული ენა“ ბევრი რამ გვასწავლა და ბევრი საჭირბოროტო საკითხი დაგვანახა

საქართველოს პირველ არხზე სომხური და აზერბაიჯანული სკოლების მოსწავლეებისთვის გამოცხადებულმა ონლაინოლიმპიადამ „ჩვენი ქართული ენა“ ბევრი რამ გვასწავლა და ბევრი საჭირბოროტო საკითხი დაგვანახა, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა.

მაღლაფერიძის თქმით, გამოვლინდა ონლაინოლიმპიადის სამი გამარჯვებული, რომელთა ვინაობაც დღეს, „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში გახდება ცნობილი.

ონლაინოლიმპიადამ „ჩვენი ქართული ენა“ დაგვანახა, რა არის გასაკეთებელი. ძალიან ბევრმა და კარგმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, დიდი მონდომება იყო. ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს, როგორ უნდა ჩავერთოთ ჩვენ ყველა, სახელმწიფო და საზოგადოება, რომ დროზე აღმოვფხვრათ ის პრობლემა, რასაც ჰქვია არაქართულენოვან მოსახლეობაში ქართული ენის ცოდნის არასაკმარისი დონე.

დღეს სამი გამარჯვებული გამოვლინდა. ჯერ არც მათ იციან და გაიგებენ 21:00 საათიან „მოამბეში“. ვულოცავ მათ. ამ ტიპის კონკურსები, სწავლება გაგრძელდება და ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯების გადადგმას ვაპირებთ“,- განაცხადა მაღლაფერიძემ.

საქართველოს პირველ არხზე სომხური და აზერბაიჯანული სკოლების მოსწავლეებისთვის გამოცხადებული ონლაინოლიმპიადა „ჩვენი ქართული ენა“ დასრულდა. ოლიმპიადის ფარგლებში, მოსწავლეებს სკოლებში უკვე გავლილი მასალებიდან 30-მდე შეკითხვისთვის, ასევე ბონუს კითხვებისთვის უნდა გაეცათ პასუხი. პროექტის გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცემათ. პროექტში „ჩვენი ქართული ენა“ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატით დაჯილდოვდებიან დანარჩენი მონაწილეებიც.

ონლაინოლიმპიადაში „ჩვენი ქართული ენა“ მონაწილეობის სურვილი არაქართულენოვანი სკოლების 200-მდე მოსწავლემ გამოთქვა. ფინალურ ეტაპზე კი გასაუბრების შედეგად აზერბაიჯანული და სომხურენოვანი სკოლების 44 მეშვიდე კლასის მოსწავლე გადავიდა.

პროექტის ფარგლებში, სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან გამარჯვებული მოსწავლეების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებიც.

საქართველოს პირველ არხზე სომხური და აზერბაიჯანული სკოლების მეშვიდე კლასის მოსწავლეებისთვის ონლაინოლიმპიადა 4 ივნისს დაიწყო.

„ჩვენი ქართული ენა“ არის საქართველოს პირველი არხის პროექტი, რომელიც ქართული ენის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, იმ რეგიონში, სადაც ჩვენი თანამოქალაქე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ცხოვრობენ. პროექტის ფარგლებში, არაერთი აქტივობაა დაგეგმილი. საქართველოს რეგიონებში არაქართულენოვანი სკოლებისთვის ქართული ენის ონლაინოლიმპიადის ჩატარებაც, ამ მასშტაბური პროექტის ერთ-ერთი ნაწილია.

პროექტის ფეისბუქგვერდზე კი კვირაში ერთხელ იმართება ვიქტორინები, სადაც ქართული ენის შესახებ არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებს, დასმულ შეკითხვებზე გაცემა შეუძლიათ. ასაკი შეზღუდული არ არის, სწორად გაცემული პასუხების შემთხვევაში, წამახალისებელი საჩუქრების მიღების შესაძლებლობა აქვთ.