საქართველოს პირველ არხზე გამოცხადებულ ონლაინოლიმპიადას „ჩვენი ქართული ენა“ სამი გამარჯვებული ჰყავს
საქართველოს პირველ არხზე გამოცხადებულ ონლაინოლიმპიადას „ჩვენი ქართული ენა“ სამი გამარჯვებული ჰყავს

საქართველოს პირველ არხზე სომხური და აზერბაიჯანული სკოლების მოსწავლეებისთვის გამოცხადებული ონლაინოლიმპიადა „ჩვენი ქართული ენა“ დასრულდა. უკვე ცნობილია სამი გამარჯვებული, რომელთა ვინაობაც „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში გახდება ცნობილი. ოლიმპიადის ფარგლებში, მოსწავლეებს სკოლებში უკვე გავლილი მასალებიდან 30-მდე შეკითხვისთვის, ასევე ბონუს კითხვებისთვის უნდა გაეცათ პასუხი.

პროექტის გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცემათ. პროექტში „ჩვენი ქართული ენა“ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატით დაჯილდოვდებიან დანარჩენი მონაწილეებიც.

ონლაინოლიმპიადაში „ჩვენი ქართული ენა“ მონაწილეობის სურვილი არაქართულენოვანი სკოლების 200-მდე მოსწავლემ გამოთქვა. ფინალურ ეტაპზე კი გასაუბრების შედეგად აზერბაიჯანული და სომხურენოვანი სკოლების 44 მეშვიდე კლასის მოსწავლე გადავიდა.

პროექტის ფარგლებში, სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან გამარჯვებული მოსწავლეების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებიც.

საქართველოს პირველ არხზე სომხური და აზერბაიჯანული სკოლების მეშვიდე კლასის მოსწავლეებისთვის ონლაინოლიმპიადა 4 ივნისს დაიწყო.

„ჩვენი ქართული ენა“ არის საქართველოს პირველი არხის პროექტი, რომელიც ქართული ენის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, იმ რეგიონში, სადაც ჩვენი თანამოქალაქე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ცხოვრობენ. პროექტის ფარგლებში, არაერთი აქტივობაა დაგეგმილი. საქართველოს რეგიონებში არაქართულენოვანი სკოლებისთვის ქართული ენის ონლაინოლიმპიადის ჩატარებაც, ამ მასშტაბური პროექტის ერთ-ერთი ნაწილია.

პროექტის ფეისბუქგვერდზე კი კვირაში ერთხელ იმართება ვიქტორინები, სადაც ქართული ენის შესახებ არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებს, დასმულ შეკითხვებზე გაცემა შეუძლიათ. ასაკი შეზღუდული არ არის, სწორად გაცემული პასუხების შემთხვევაში, წამახალისებელი საჩუქრების მიღების შესაძლებლობა აქვთ.