ვასილ მაღლაფერიძე რომან გოცირიძეს პასუხობს - ვერავითარ ცენზურას ვერ დააწესებთ, თქვენი მინიშნებები არის ცუდი კულტურის გამოვლინება, ჩვეულებრივი ადამიანები არ ვართ მიჩვეული ასეთ საუბარს, ეს არც ქართული ტრადიციაა და არც ევროპული
ვასილ მაღლაფერიძე რომან გოცირიძეს პასუხობს - ვერავითარ ცენზურას ვერ დააწესებთ, თქვენი მინიშნებები არის ცუდი კულტურის გამოვლინება, ჩვეულებრივი ადამიანები არ ვართ მიჩვეული ასეთ საუბარს, ეს არც ქართული ტრადიციაა და არც ევროპული

ვერავითარ ცენზურას ვერ დააწესებთ, თქვენი მინიშნებები არის ცუდი კულტურის გამოვლინება, ჩვეულებრივი ადამიანები არ ვართ მიჩვეული ასეთ საუბარს, ეს არც ქართული ტრადიციაა და არც ევროპული, – ასე უპასუხა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ რომან გოცირიძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ გადასახედია, იდეოლოგიური კუთხით რა ტიპის გადაცემები გადის საზოგადოებრივ მაუწყებელზე.

„ბატონო რომან, ვერ მივიღებ ასეთ შეფასებებს ჩემი ქვეყნის პარლამენტისგან, როცა ბრძანებთ ცილინდრიანია თუ ფაფახიანი. მე პირდაპირ გეუბნებით, ეს არ ეკადრება პარლამენტის წევრს, როცა ვლაპარაკობთ მედიაზე. თქვენ შეიძლება ასე ისაუბროთ პოლიტიკურ დებატებში, რომელსაც მოაწყობთ. ძალიან გთხოვთ, ეს წაიღოთ უკან, უკვე წაღებული გაქვთ, რატომ საუბრობთ ადამიანზე, რომელიც აკეთებს იმ საქმეს, რასაც აკეთებს, უშვებს კარგ ფილმებს.

რაც შეეხება თქვენს მოსაზრებებს, პარლამენტში მეუბნებით ამას, რომ მემარცხენე არ უნდა იყოს და მემარჯვენე? თან ორჯერ გაიმეორეთ, სულ არ მაქვს ის ფილმი ნანახი – მემარცხენეც იქნება, მემარჯვენეც და ცენტრისტულიც, რას მელაპარაკებით? რა ცენზურას მიწესებთ.

თუ გინდათ, ახლა გავმართოთ დებატები, ფილმი გადაღებულია საფრანგეთის საუკეთესო კომპანიის მიერ, ასახავს ვითარებას და თქვენ რაღაც შეხედულებით ყური მოკარით და არ მოგწონთ. რომ არ მოგწონთ, ეს თქვენი უფლებაა, კიდევ კარგი მსგავსი განწყობა არ არის, ვერავითარ ცენზურას ვერ დააწესებთ, ეს მინიშნებები არის იმ ცუდი კულტურის გამოვლინება, რომელიც ჩვენთან დამკვიდრდა ერთმანეთთან ურთიერთობაში. რა წესია ეს, ბატონო რომან, ამბობთ, ცილინდრიანი თუ ფაფახიანი ჩამოიყვანეთ იქიდანო. ჩვეულებრივი ადამიანები გარეთ არ ვართ მიჩვეული ასეთ საუბარს, ეს არც ქართული ტრადიციაა და არც ევროპული, სხვათა შორის, თქვენ რომ იცოდეთ ეს ამბავი“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

რაც შეეხება რომან გოცირიძის კითხვას, იცით თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელში თანამშრომლები, რომლებიც ოპოზიციას ღიად უჭერენ მხარს, ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა: „კიდევ ერთი, კომუნისტური ახსენეთ, ჩემი ოჯახი ძალიან არის დაზარალებული თავის დროზე ამ კომუნისტური დასმენებისგან, ახლა ასე ღიად რომ მომიგეთ, თქვენთან თუ არიანო, დიახ, პირდაპირ გეტყვით, რასაკვირველია, არიან ჩვენს არხზე ისეთივე პროცენტული შეფარდებით, რაც ქვეყანაში, რომლებიც სხვანაირად ფიქრობენ. ამას აბსოლუტურად არც მალავენ, მაგრამ დამისახელეთო რომ თქვით, ეგ არის ცუდი ამბავი, მე ცუდი გამახსენდა. რასაკვირველია არიან და სხვანაირადაც ფიქრობენ, წავიდა ის დრო, როცა ეშინოდათ, თუ იყო ოდესღაც, ამაზე აპელირება არის საშიში ვითარება.

რასაკვირველია არიან, აბა, სტერილური ადამიანები არიან სადმე? თქვენ იმედი გაქვთ, რომ მონახავთ სტერილურ ადამიანს, რომელიც არაფერზე ფიქრობს? მტერს ეგეთი. სახარებაში არის, ან ცხელი იყავი ან ცივიონელთბილებია საშიში ამ ვითარებაში, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად რბილად ვთხოვთ, რომ მან ეს არ გადაიტანოს სამსახურებრივი მოვალეობისას და ამბის გაშუქებისას. რასაკვირველია, არიან და ეს არც საღიმილოა და არც ნიშნის მოსაგები“.

რაც შეეხება 82 მილიონიან ბიუჯეტთან დაკავშირებით რომან გოცირიძის განცხადებას, ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს: „რბილად და თავაზიანად მიგანიშნე, რომ არ არის ჩვენი ბიუჯეტი 80 მილიონი, ფინანსისტი და ეკონომისტი ბრძანდებით რამდენი წელია და გეუბნებით, რომ არის 58 მილიონი, იმეორებ, რომ 80-ია, კარგი, ბატონო, 80-ია, თან ამბობთ, რომ ეს უნდა გაიზარდოს, ეს უნდა მოხდეს, თან არ უნდა იყოს.

აგერ არის პარლამენტი, აგერ არის კანონპროექტი, რამდენი წელია, ამ პარლამენტში ხართ, როდიდან გვახსოვს, კომუნისტური დროიდან, გამოვიარეთ ერთად მთელი ეს ფორმაცია. დაწერეთ ეს კანონი, რად უნდა ამას პარლამენტი და თუ გავა, მიიღებს ან სულ გააუქმებს. მე აგიხსენით, როგორ ხდება ევროპაში და ჩემზე კარგად იცით, როგორ არის დაფინანსება. რაც შეეხება ფილმებს, გითხარით, რომ უკვე ნაფიქრია ამაზე, ჩვენს ფინანსებზე იყო დამოკიდებული, ეს ფილმები შემოდის და იქნება. როცა არხი ყიდულობდა ლიცენზირებულ პროდუქტს, იყო პირატულიც, ძალიან ძნელია, კონკურენციის პირობებში ამის ყიდვა, ვყიდულობდით ორჯერ გაშვებით. ამავე დროს ვუყურებდით, რომ ეს არხს რეიტინგს თანდათან მატებს, აგერ, თქვენც დაგიწყიათ ყურება. ახლა მინდა გითხრათ, რომ სულ ცოტა ხანში, არ მინდა ვადის დასახელება, იქნება საიტი, რომელზედაც, მოთხოვნიდან გამომდინარე, უფასოდ იქნება ფილმები დადებული. ისევე, როგორც საქართველოს, წლების მანძილზე ამ არხს აქვს მძიმე ისტორიები. როდესაც არხიდან არის განწყობა და მაქსიმალურად დიდი სურვილი, რომ დადგეს ფეხზე და იყოს დამოუკიდებელი, ამას ადამიანურად უნდა ხელშეწყობა, იმიტომ კი არა, რომ ეს თუ არ იქნება, ვინმეს გული გაუსკდება, არ არის საჭირო ნიშნის მოგება და ჩასაფრება. როცა გეუბნები, 58 მილიონია, გაიძახი 80-ს, არ ვარგა ასე. გეუბნები, 58 არის, რაც გამოყო პარლამენტმა ბიუჯეტი და ის დანარჩენი არის აღებული კრედიტი, საკასო შემოსავალია, რომელიც მშენებლობაზე მიდის. რად უნდა ამას ლაპარაკი, რა მნიშვნელობა აქვს ამას“.

ამასთან, რომან გოცირიძემ ევროვიზიის კონკურსსა და ევროპის მაუწყებელთა კავშირზეც ისაუბრა და აღნიშნა: „არ არის კორექტული შედარება იმ მაუწყებლის ბიუჯეტთან, რაც სხვა ქვეყნებშია. მით უმეტეს, მოგყავთ ისეთი ორგანიზაციის ინფორმაცია, რომელიც ლობირებს თავის ინტერესებს, საზოგადოებრივ მაუწყებელთა რაღაც საბჭო არსებობს, იქაც კლანია, ევროვიზიის კონცერტებს და რაღაცებს ატარებენ, სადაც კატასტროფულად სამარცხვინოდ გამოვდივართ“.

რომან გოცირიძის ამ განცხადების საპასუხოდ ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, რომ ევროვიზიაზე ასეთი ტონით საუბარი მიუღებელია.

„რაც შეეხება ასეთი ტონით ლაპარაკს ევროვიზიაზე, ევროვიზია არის საერთო ვითარება, ვიღებთ მონაწილეობას საერთო პროექტებში, რადგან ეს არის ევროპისკენ მიმავალ გზაზე აუცილებელი. ასე არ შეიძლება, რაღაც სპორტი მომეწონა, აღარ მივიღებ მონაწილეობას ევროვიზიაში, რა სიმღერასაც ვწერთ და რასაც ვმღერით, იმას ვმღერით, ხან ვაღწევთ წარმატებას, ხან – არა. ჩვენ ხომ არ ვართ გულშემატკივარი, გული რომ აუცრუვდება, საქართველოს პარლამენტში ვართ. ამ არხზე ადამიანები შრომობენ, მასეთი ტონით საუბარი არ ვარგა, ეს შეიძლება პოლიტიკაში მოსულა, ბატონო რომან, მაგრამ ჩვეულებრივ სიტუაციაში არ მოსულა. ამ არხზე შრომობენ ადამიანები და აკეთებენ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს. ხშირად ბევრად იმაზე მნიშვნელოვანს, ვიდრე წარმოგვიდგენია.

მემარცხენეობაზე რომ გითხარით, ხან რომ გვაწყობს და ხან არ გვაწყობს, EBU, რომელიც თურმე ლობირებს თავის ინტერესებს, მე არ ვფიქრობ, რომ ასეთი შეფასება რომელიმე პარტიას ამშვენებს. ეს არის ევროპის მაუწყებელთა კავშირი, ხომ გვინდა, ევროპა რომ გავხდეთ, ევროპაში შუბით უნდა შევიდეთ და ვირბინოთ? რომელიმე ორგანიზაციის წევრი არ უნდა გავხდეთ? ამ ორგანიზაციის წესებით ვართ და იმით ვმოქმედებთ. შეიძლება, რაღაცით უფრო წინ ვართ. ამ სიტყვებსაც უნდა დამოკიდებულება, თუ მერე რომელიმე ჟურნალისტი ამას ცოტა სხვანაირად გააშუქებს, არ უნდა გვეწყინოს, რადგან ეს არხი არ უსაფრდება არავის, იმიტომ კი არა, რომ შეეშინდება ვინმეს, ეს საერთო სიტუაციისთვის არ არის კარგი. დარწმუნებული ვარ, გაისად უფრო მეტი პოზიტივით იქნება და კიდევ უფრო მეტად დავინახავთ, რომ ეს არხი ყველასია, მათ შორის პოლიტიკური პარტიების და პირველ რიგში, ქართული საზოგადოების“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.