რომან გოცირიძე - გადახედეთ, რა ტიპის გადაცემები გადის საზოგადოებრივ მაუწყებელზე იდეოლოგიური კუთხით
რომან გოცირიძე - გადახედეთ, რა ტიპის გადაცემები გადის საზოგადოებრივ მაუწყებელზე იდეოლოგიური კუთხით

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის შეფასებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს იმ რესურსებთან შედარებით, რაც ქვეყანაში არსებობს, წარმოუდგენლად დიდი ბიუჯეტი აქვს.

რომან გოცირიძის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონი შესაცვლელია.

„მერვე, თუ მეცხრე წელიწადია, მოქმედებს მახინჯი ნორმა – ბიუჯეტის 0.14 პროცენტით საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი აგერ 82 მილიონი გახდა, აჭარის ბიუჯეტთან ერთად. ხანდახან, სხვა ციფრებს ასახელებენ, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს მარტო პირველი არხისა და რადიოს ბიუჯეტად აღიქვამენ ხოლმე და უკვირთ, 82-ს რატომ ვამბობთ. 65 მილიარდი ლარი იქნება ჩვენი მშპ 2022 წელს, მისი 0.14 პროცენტი დაახლოებით 9 მილიარდი ლარია. ავტომატურად 9 მილიონით გაიზრდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი. რატომ? და ისევ იგივე არგუმენტი. მომავალი წლის ბიუჯეტში რომ შესაბამისად ვიფიქროთ, ხან მეტს მივცემთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ხან ნაკლებს, ხან შეიძლება, საერთოდაც არ გაიზარდოს. ამით ან პარლამენტი დასჯის და ეტყვის სამეურვეო საბჭოს, რომ რაღაც გადაცემები არ მომწონს, ოპოზიცია გამოაჩინე იქ ხშირად და ამიტომ გსჯიო? ან პოლიტიკური დამოუკიდებლობა მოიპოვა ამ 8 წლის განმავლობაში? თუ დღეს მიგაჩნიათ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ნაკლები ზეწოლაა, ვიდრე იყო 2 ან 3 წლის წინ, ეს საბიუჯეტო დაფინანსების მიერ მოტანილი სიკეთეა? როცა ამბობთ, რომ არ მოქმედებს პოლიტიკური სიმპატიებით და არ არის პოლიტიკურად არც ერთი ადამიანი დასჯილი, თუმცა იყო რამდენიმე ფაქტი პოლიტიკურად მოტივირებულ გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მგონი, სასამართლოშიც არის საქმე, თქვენ იცით თქვენს სამსახურში ერთი ადამიანიც კი, ოპერატორი ან ჟურნალისტი, ან ინჟინერი, რომელიც არის პირდაპირი, ღია მომხრე ოპოზიციის? კიი? კარგია თუ იცით, ახლა არ დაგასახელებინებთ, თუ ღიად გამოხატავენ თავიანთ აზრს და არ ეშინიათ, რომ ისინი გათავისუფლდებიან სამსახურიდან, კარგია, ოღონდ, ეჭვი მეპარება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

გოცირიძის განმარტებით, პარლამენტმა უნდა შეცვალოს კანონი და ყველა დაფინანსებაზე მოხდეს მსჯელობა რესურსებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე.

„ეს იყო აბსოლუტურად გაუმართლებელი, მე ვამბობ იმ ხელისუფლების დროს, ჩემი ხელისუფლების დროს, მე როცა ვიყავი პარლამენტში, არ ვამბობ, რომ ეს იყო გამართლებული გადაწყვეტილება. არ არის კორექტული შედარება იმ მაუწყებლის ბიუჯეტთან, რაც სხვა ქვეყნებშია. მითუმეტეს, მოგყავთ ისეთი ორგანიზაციის ინფორმაცია, რომელიც ლობირებს თავის ინტერესებს, საზოგადოებრივ მაუწყებელთა რაღაც საბჭო არსებობს, იქაც კლანია, ევროვიზიის კონცერტებს და რაღაცებს ატარებენ, სადაც კატასტროფულად სამარცხვინოდ გამოვდივართ. აბსოლუტურად უგემოვნობა, ეს რა არის, როგორ არჩევთ ან სიმღერას, ან ადამიანებს, სულ ბოლო ადგილზე გავდივართ, მეორე ტურში გადასვლას ვინ ჩივის. რაღაც აბსოლუტურად უგემოვნო, ეროვნული რაღაც, ხან კუთხური, ხან ვითომ ალტერნატიული, რა არის? საბავშვო ევროვიზიას არ ეხება. ფანტასტიკური შედეგები აქვს 10 წელია და ყოჩაღ, ვინც საბავშვო ევროვიზიას ხელმძღვანელობს, იმათ ქება. რაც შეეხება დიდებს, კატასტროფაა. მაუწყებელი ალბათ იმიტომაც უნდა არსებობდეს, რომ თუნდაც ვიღაც იმის წევრი თუ არ ხარ, იმ დიდ, ასე ვთქვათ, საპიარო რაღაცებში მონაწილეობას არ მივიღებ – ეს არგუმენტები გვსმენია. უბრალოდ, ისიც თავისი კორპორატიული ინტერესებია. ამიტომ კანონმდებლობა არის შესაცვლელი. მაუწყებლის მხოლოდ ფინანსურ მხარეს ვეხები ახლა.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყოფილა ისეთი კარგი ფილმი, რომელსაც კომპიუტერში ვუყურებდი, ფანტასტიკური ფილმია „ბორგენი“, ეს ყოფილა თქვენს არხზე, რომელსაც მე პლანშეტით ვუყურებდი სამი წელი, ახლა გამოვიდა ბოლო სეზონი და გაუშვით ისიც. არქივი რატომ არ გაქვთ, ამას ვამბობთ. ახლა გახდა აქტუალური, თურმე მხოლოდ კომერციული კინოსაიტები იქმნება, სადაც გადის „დრაკონის სახლი“, „სამეფო კარის თამაშები“ და რაღაცები, მაგრამ კლასიკას არავინ იყიდის, ძველ კინოებს არავინ დადებს, ისეთ რეჟისორებს, რომლებსაც მხოლოდ ვიწრო წრე უყურებს, არ დადებს. ამიტომ აგერ „არტეში“, რომელიც არის ფრანგულ-გერმანული არხი, არის კინოთეკა. პროფესიონალებმა მომწერეს, რომ ეს არის ფრანგულ-გერმანული არხი, რომელშიც გადიოდა ერთი თვის წინ ქართული ფილმი ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების გადაცურება-გადმოცურებაზე. მცურავი ხეები, თუ რაღაც ქვია, საფესტივალო ფილმი ყოფილა. ქართული ფილმებიც კი დევს თურმე იმ „არტეზე“. გააკეთეს ეს ვიდეოთეკა. ხო, ეს კარგი რაღაც თქვი, საყვედურით რომ გითხარით, მაგალითად, მე არ ვიცოდი, როცა თქვენ ფილმებს უშვებთ, ამის დაარქივებისა და შემდგომი რეტრანსლირების უფლება თუ არ გქონდათ. ანუ, თქვენ როგორც ჩანს, მხოლოდ ორჯერადი გაშვების უფლება გაქვთ, რადგან დანარჩენი ძვირი ღირს. იმიტომ ვამბობ, დანიურ ფილმს თქვენ ვერ გაუშვებთ უკვე და ვერ დაარქივებთ. ყოველდღიურად თითო ფილმს აჩვენებთ ხომ? ვიდეოთეკა რომ შექმნათ და ფული ამაში გადაიხადოთ, ამით გაუმარტივებთ გარდამავალ პერიოდს იმ ადამიანებს, რომლებსაც ელემენტარულად არ ექნებათ საშუალება, კომერციულ არხებზე სამი ლარი გადაიხადონ ერთ ფილმში.

პირადად თქვენი დამსახურებაა, რომ ორი წლის განმავლობაში გვაჩვენეთ წითელი ეკრანი მუსიკით მეორე არხზე. ორი წლის განმავლობაში გადიოდა რაღაცა ზუზუნი და მატრიცა რომ არის ტელევიზიის, ეს იყო. ჯერ პლენარული სხდომები შეწყდა, შემდეგ კომიტეტის სხდომები, შემდეგ კიდევ რაღაცები შეწყდა, შემდეგ საერთოდ ყველაფერი გაუქმდა და დღეს გაგვახარეს, რომ თურმე პარლამენტის სხდომები იუთუბ არხზე იქნება. პირადად თქვენი გაკეთებულია ეს, იმის გამო, რომ იმ შემთხვევაში პოლიტიკური მოცვა საპარლამენტო განწყობილებისა თქვენს პოლიტიკურ გუნდს, „ქართულ ოცნებას“ არ აწყობდა. პოლიტიკურად მიკერძოებული არ ვარო, არ უნდა თქვათ, რადგან თქვენ მოხვედით მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი იყავით. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოდან მაუწყებელში გადახვალთ და ნეიტრალობის პრეტენზია გექნებათ, ეს არ არის სწორი“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ამავდროულად, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ „გადასახედია, იდეოლოგიური კუთხით რა ტიპის გადაცემები გადის საზოგადოებრივ მაუწყებელზე“.

„გადაცემები – მოგყავთ ცილინდრი რომ ახურავს, საფრანგეთიდან ჩამოყვანილი, რა გვარია ის კაცი, არ ვიცი, საშინელ მემარცხენე გადაცემებს უშვებს. სამი თვის წინ ვუყურე და დავპოსტე კიდეც, ვიღაცა ამერიკელი პროფესორი ამტკიცებს, რომ დემოკრატია შესაძლებელია კაპიტალიზმის გარეშე და რაღაც მარგინალური თეორიები. უამრავი თეორია არსებობს ეკონომიკური, დედამიწის ზურგზე იმდენი თეორიაა და მაინცდამაინც ის თეორია მოსწონს, ისეთ დოკუმენტურ ფილმებს ეძებს, რომელიც ულტრამემარცხენეა, სოციალისტურია. მემარცხენე ულტრაგადაცემებია. ვიღაც გერმანელ პროფესორს რომ მოიწვევ და რაღაც გადაცემაა, სათაური არ ვიცი, ახალგაზრდა ბიჭებს მიჰყავთ, ყოველთვის ანტიგლობალისტები, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოწინააღდეგეები, ანუ შერჩევა მთელი თქვენი არხის ამ პოლიტიკისა, არის სოციალისტური. ამიტომ, ამასაც უნდა გადახედოთ, ბალანსი მაინც უნდა იყოს. თქვენთან ფრიდმანზე დოკუმენტურ ფილმს არავინ არ გაუშვებს, რადგან ისეთი წამყვანები გყავთ შერჩეული, აბა, გადახედეთ, რა ტიპის გადაცემები გადის იდეოლოგიური კუთხით“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტში დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძემ მაუწყებლის 2021 წლის ანგარიში წარადგინა. ვასილ მაღლაფერიძემ დეპუტატებს, მათ შორის რომან გოცირიძის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებსაც უპასუხა.