ვასილ მაღლაფერიძე - როცა ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, სტრატეგიული სიმაღლე აზერბაიჯანს დავუთმე და დავითგარეჯა საქართველოში უნდა დარჩენილიყოო, ეს იმთავითვე ტყუილია და ადამიანების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად
ვასილ მაღლაფერიძე - როცა ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, სტრატეგიული სიმაღლე აზერბაიჯანს დავუთმე და დავითგარეჯა საქართველოში უნდა დარჩენილიყოო, ეს იმთავითვე ტყუილია და ადამიანების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად

ყოფილი პრეზიდენტი როდესაც ამბობს, რომ სტრატეგიული სიმაღლე აზერბაიჯანს დავუთმე და დავითგარეჯა საქართველოში უნდა დარჩენილიყოო, ეს იმთავითვე ტყუილია და მხოლოდ ადამიანების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ვასილ მაღლაფერიძე „ფეისბუქზე“ წერს.

ამასთან, როგორც მაღლაფერიძე აცხადებს, ყველა კარგად არ იცნობს დავითგარეჯას სამონასტრო კომპლექსის გეოგრაფიას, ადამიანების ერთი ნაწილი კი, ამით სარგებლობს და მავნებლურად მანიპულირებს კომპლექსში შემავალი დასახელებებით, რათა ტყუილი სურათი შექმნას. მისივე თქმით, აუხსნელი ფენომენია, რა ამოძრავებს და აერთიანებს ადამიანების ერთ წყებას, რომელიც, განურჩევლად იმისა, ერკვევა თუ არა საკითხში და ნამყოფია თუ არა გარეჯში, აკვიატებული თავგამოდებით ამტკიცებს, რომ საქართველოს ტერიტორია საქართველოს არ ეკუთვნის.

„ცხადია, რომ ყველა კარგად არ იცნობს დავითგარეჯას სამონასტრო კომპლექსის გეოგრაფიას. ამით სარგებლობს ადამიანების ერთი ნაწილი და მავნებლურად მანიპულირებს დავითგარეჯას კომპლექსში შემავალი დასახელებებით, რათა ტყუილი სურათი შექმნას და დახატოს.

საქმე ის გახლავთ, რომ დღეს დავითგარეჯა კრებსითი სახელია გარეჯის უდაბნოს სივრცეში ერთმანეთისგან სხვადასხვა დაშორებით მდებარე რამდენიმე მონასტრისა, რომელთაგან თითოეულს თავისი სახელი და ისტორია აქვს – ლავრა, უდაბნო, ჩიჩხიტური, ნათლისმცემელი, დოდოს რქა და ასე შემდეგ.

როცა, ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ სტრატეგიული სიმაღლე აზერბაიჯანს დავუთმე და დავითგარეჯა საქართველოში უნდა დარჩენილიყოო, ეს იმთავითვე ტყუილია და მხოლოდ ადამიანების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

სტრატეგიული სიმაღლის დათმობა ავტომატურად გულისხმობდა დავითგარეჯას კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილის – უდაბნოს მონასტრის დათმობასაც, რომელიც სტრატეგიული სიმაღლის გადაღმა მდებარეობს.

არადა 1938 წლის მდგომარეობით და რუკით, რომელსაც უნდა დაყრდნობოდა საზღვრის დამდგენი კომისია, უდაბნოს მონასტერი საქართველოს ტერიტორიაზე იყო.

მაგალითად, ბერთუბანი, ასევე ქართული კულტურის ნაწილი, 1938 წლის მდგომარეობით მდებარეობდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და ამიტომ მასზე საქართველო პრეტენზიას არ აცხადებს, ხოლო უდაბნოს მონასტერი და ჩიჩხიტური მდებარეობდა საქართველოს ტერიტორიაზე.

სტრატეგიული სიმაღლე მდებარეობს ქედის თხემზე და სწორედ მის ქვემოთ სულ რაღაც ოც მეტრში იწყება უდაბნოს მონასტერი, ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი, ოთხმოცამდე კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულით, რომელთაგან რამდენიმეს უნიკალური კედლის მხატვრობა ამშვენებს.

ანუ ქედზე არის სტრატეგიული სიმაღლე, ქედის აქეთ არის ლავრა, ქედის იქით უდაბნოს მონასტერი და ქედის გაყოლებაზე რამდენიმე კილომეტრში ჩიჩხიტური, ყველაფერ ამას ერთად და კიდევ სხვასაც დავითგარეჯას ვეძახით.

საბოლოოდ, პრეზიდენტის სიტყვების მიხედვით იკვეთება სურათი, რომლის მიხედვითაც კომისია საზღვრის დადგენაზე კი არ მუშაობდა, არამედ საზღვარს ავლებდა პრეზიდენტის მითითების შესაბამისად. ამ მითითების მიხედვით კი სტრატეგიული სიმაღლე უნდა გადასცემოდა აზერბაიჯანს, რადგან მას ეს სჭირდებოდა (ცალკე საკითხია, საქართველოს რატომ არ სჭირდებოდა და რა მივიღეთ მის სანაცვლოდ?!) და ამ სტრატეგიულ სიმაღლეს ავტომატურად გააყოლეს უდაბნოს მონასტერი და ჩიჩხიტური. სწორედ ამის შედეგი იყო, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დაიკავეს სტრატეგიული სიმაღლე და საქართველოს მოქალაქეები აღარ გაუშვეს უდაბნოს მონასტრისკენ.

სხვა საკითხია, რამდენად აქვს ვინმეს, თუნდაც პრეზიდენტს, ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღების უფლება და რა ფასი ჰქონდა ამ კომისიის მუშაობას.

ასევე სრულიად აუხსნელი ფენომენია, რა ამოძრავებს და აერთიანებს ადამიანების ერთ წყებას, რომელიც, განურჩევლად იმისა, ერკვევა თუ არა ამ საკითხში და ნამყოფია თუ არა გარეჯში, აკვიატებული თავგამოდებით ამტკიცებს, რომ საქართველოს ტერიტორია საქართველოს არ ეკუთვნის. როგორც ჩანს, ეს ფსიქოლოგების საკვლევი თემაა“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის მაისში განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხი განიხილა. „ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენი სამუშაო ჯგუფები ერთმანეთს შეხვდებიან, საზღვრის ხაზი უნდა გაივლოს ისე, რომ სტრატეგიული სიმაღლე, რომელიც აზერბაიჯანს ქვეყნის შიგნით სჭირდება, აზერბაიჯანის ტერიტორიაში მოყვეს, ხოლო დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე უნდა დარჩეს“, – აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მაშინდელი პრეზიდენტის გვერდზე იძებნება. ამასთან, სააკაშვილის ეს განცხადება იძებნება საქართველოს პირველი არხის არქივშიც.

ცხადია, რომ ყველა კარგად არ იცნობს დავითგარეჯას სამონასტრო კომპლექსის გეოგრაფიას. ამით სარგებლობს ადამიანების ერთი…

Posted by ვასილ მაღლაფერიძე on Tuesday, February 2, 2021