ვასილ მაღლაფერიძე - ორწელიწადნახევარში საქართველოს ექნება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ტელევიზია, რომელიც გამოადგება ბევრ თაობას, იქნება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შენაძენი
ვასილ მაღლაფერიძე - ორწელიწადნახევარში საქართველოს ექნება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ტელევიზია, რომელიც გამოადგება ბევრ თაობას, იქნება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შენაძენი

ორწელიწადნახევარში საქართველოში იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ტელევიზია. გარწმუნებთ, არავის ემახსოვრება, ვის დროს გაკეთდა, როდის გაკეთდა, მაგრამ ეს ტელევიზია გამოადგება ძალიან ბევრ თაობას, იქნება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შენაძენი, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა.

როგორც ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, დღეს საქართველოს პირველი არხის დაბადების დღეა და სიმბოლურად, სწორედ დღეს იწყება ახალი შენობის მშენებლობა.

„ძალიან ბევრმა ადამიანმა შეიტანა დიდი წვლილი ამ საქმეში, თუმცა იყო ბევრი მოწინააღმდეგე და ხელისშემშლელიც ამა თუ იმ ფორმით. მთავარი ის არის, დღეს ტელევიზიის 64-ე დაბადების დღეა და სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს იწყება მშენებლობა, რაც ბევრს არ სჯეროდა და ქილიკობდა. არსებულმა ტელევიზიამ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ცხოვრებაში. ამ 64 წლის განმავლობაში არ ყოფილა ფაქტი, რომ ამ ტელევიზიას არ გაეშუქებინოს. გარდა ამისა, ეს არის დიდი შენაძენი კულტურისთვის, ხელოვნებისთვის, აღარაფერს ვიტყვი, რომ არსებული ტელევიზიებიც საქართველოს პირველი არხის პირმშოები არიან. ყველაფერს აქვს თავისი ეტაპი, როცა ერთი სრულდება და მეორე უნდა დაიწყოს. ეს ტელევიზია ვეღარ გაძლებდა ვერც ტექნიკურად, ვერც შენობით. სულ ორწელიწადნახევარში საქართველოში იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ტელევიზია. გარწმუნებთ, არავის ემახსოვრება, ვის დროს გაკეთდა, როდის გაკეთდა, მაგრამ ეს ტელევიზია გამოადგება ძალიან ბევრ თაობას. ეს იქნება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენი“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

საქართველოს პირველი არხის ახალი შენობის საძირკველში დღეს სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.