ვარლამ ლიპარტელიანი - გუამ ჩომ ოქრო დაიმსახურა [ვიდეო]

საქართველოს ძიუდოს ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრის შემდეგ, პირველი კომენტარი პირველ არხთან გააკეთა და საკუთარი ასპარეზობა შეაფასა.

„მეტოქე უფრო კარგად იყო მომზადებული და უფრო მეტად ეკუთვნოდა გამარჯვება. გამომდინარე იქიდან, რომ ტაქტიკურად მჯობდა, უფრო აქტიური იყო და შესაბამისად დაიმსახურა კიდეც ოქროს მედალი. ფინალი წაგების შემდეგ სიხარული ნაკლებად არის. ერთადერთი გულშემატკივრებს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ არ დაიზარეს, ჩამოვიდნენ, ჩვენთან ერთად იყვნენ მთელი დღის განმავლობაში და მთელი გულით გულშემატკივრობდნენ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. მადლობა მათ. უკვე მერამდენე დასანანი მარცხი იყო, ახლა ძნელია ამაზე საუბარი და დეტალების განხილვა.“ – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

შეგახსენებთ, რომ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეექვსე დღეს საქართველოს ღირსებას ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი იცავდა (100 კგ.). მან ტურნირის ფინალური შეხვედრა კორეელ გუამ ჩოსთან დათმო.